ორნი თამაშგარეში - „გენტმა“ ჩაკვეტაძის გარეშე მოიგო, მამარდაშვილის „ვალენსია“ „ბარსელონასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
უქმეებზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გუნდებმა ითამაშეს ბელგიასა და ესპანეთში, თუმცა, ქართველ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ.
ბელგიის ჯუპილერლიგის მე-11 ტურში „გენტმა“ გათამაშების ლიდერს, „ეუპენს“ უმასპინძლა და სატურნირო კუთხით და ფსიქოლოგიურადაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 2:0. ამ მოგებით გუნდმა 14 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე აინაცვლა.
ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებულ გიორგი ჩაკვეტაძეს არ უთამაშია. ის წინა ტურში „ანტვერპენტან“ მოედნიდან გააძევეს და ბელგიის ფეხბურთის სამეფო კავშირმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რომელიც მერე ერთმატჩიანით შეცვალა. თუმცა, სასჯელი რომ არ ჰქონოდა, გიორგი ნაკრებს კოსოვოსთან შეხვედრაში მოწამვლის გამო დააკლდა და სავარაუდოდ, სათამაშოთ მზად არ იქნებოდა.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ლა ლიგის მე-9 ტურში „კამპ ნოუზე“ „ბარსელონას“ ესტუმრა და მე-5 წუთზე ხოსე გაიას გოლით დაწინაურდა. მაგრამ მესტალიელებს კაპიტნის გოლმა ვერ უშველა – ანსუ ფატის (13), მემფის დეპაის (41. პენალტი) და პილიპე კოუტინიოს (85) გოლებით კატალონიელებმა 3:1 გაიმარჯვეს და „ვალენსია“ მე-9 პოზიციაზე დააქვეითეს.
გიორგი მამრდაშვილი „ვალენსიას“ კარში უკვე მესამე ტურია აღარ დგას, რაც მადრიდის „რეალთან“ და „სევილიასთან“ მატჩებში დაშვებული შეცდომების შედეგია – „მესტალიელთა“ მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი ნიდერლანდელ იესპერ სილესენს ენდო და როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქართველ მეკარეს ძირითადში თამაში პერიოდულად თუ მოუწევს.