ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2,000 ევრო - ჩაკვეტაძე დისციპლინარების განაჩენის მოლოდინშია #1TVSPORT
ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო საბჭო უახლოეს სხდომაზე გამოიტანს გადაწყვეტილებას გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ, რომელიც ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში „ანტვერპენთან“ მოედნიდან გაძევებისთვის, შესაძლოა, ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ – „გენტის“ ქართველ ნახევარმცველზე ინფორმციას ბელგიური გამოცემა Nieuwsblad ავრცელებს.
„ბელგიის სამეფო ფეხბურთის ასოციაციის (KBVB) სადისციპლინო საბჭო „გენტის“ ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 2,000 ევროთი დასჯას ითხოვს, რომელმაც „ანტვერპენთან“ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო. მატჩის 33-ე წუთზე, ჩაკვეტაძემ პიტერ გერკენსს ქუსლში ფეხი ჩაარტყა. თავად ქართველიც გაკვირვებული ჩანდა, მაგრამ მსაჯმა VAR-ის ნახვის შემდეგ არ დაზოგა და წითელი ბარათი აჩვენა“, – წერს გამოცემა.
„ყვითელი ბარათი საკმარისი იქნებოდა. ჩაკვეტაძეს უბრალოდ გაუკვირდა გერკენსის შემობრუნება, ამიტომ ფეხის გაწევა დააგვიანა“, – თქვა „გენტის“ მწვრთნელმა ჰაინ ვანჰეზებრუკმა „ანტვერპენთან“ მატჩის შემდეგ.
სადისციპლინო საბჭოში აღიარეს, რომ დარღვევა უნებლიე იყო, მაგრამ თვლიან, რომ ჩაკვეტაძე გერკენსის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა:
„ვიდეოს ანალიზი აჩვენებს, რომ ჩაკვეტაძემ მეტოქის მოქმედებაზე უბრალოდ რეაგირება კი არ დააგვიანა, არამედ ჩაარტყა. მან მარჯვენა ბუცი მოწინააღმდეგეს ქუსლზე სრულად ისე დაადგა, ბურთს არ შეხებია“.
ბელგიური გამოცემა Nieuwsblad-ის ცნობით, ბელგიის სამეფო კავშირის სადისციპლინო საბჭოს წევრები წინადადებას სასჯელის შესახებ უახლოეს დღეებში განიხილავენ.