ორმაგი დუბლი 32 ქულით და MVP - მამუკელაშვილის კარიერის მატჩი G ლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ის G ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის „ვისკონსინ ჰერდმა“ მორიგი შეხვედრა გამართა და „გრანდ რაპიდს გოლდი“ ამჯერად 112-106 დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 36 წუთში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. მან 32 ქულასთან ერთად, 14 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება დააგროვა. სანდრომ 14-დან 11 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ის არ დაჯარიმებულა და 3-ჯერ დაკარგა ბურთი.
ვისკონსინელები პირველი ტაიმის შემდეგ 4 ქულით მარცხდებოდნენ, მაგრამ მესამე და მეოთხე პერიოდებში 5-5 ქულით მოიგეს და სეზონში მე-6 გამარჯვება მოიპოვეს. ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო მამუკელაშვილი იყო, „გრანდ რაპიდს გოლდიდან“ კი 22 ქულით ჯარედ ბატლერი გამოირჩა.
6 მოგებითა და 6 მარცხით „ვისკონსინ ჰერდი“ ცენტრალურ დივიზიონში მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „მილუოკი ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდი 5 დეკემბერს „სიუ ფოლს სკაიფორსთან“ გამართავს.