„ორლანდო“ სტუმრად „საკრამენტოსთან“ დამარცხდა - გოგა ბითაძე კვლავ თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო #1TVSPORT
„ორლანდო“ სტუმრად „საკრამენტოსთან“ დამარცხდა - გოგა ბითაძე კვლავ თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ სათამაშო დღეს საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის, გოგა ბითაძის გუნდი „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდა და 135:138 დამარცხდა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო. საკრამენტოელებმა მატჩის მეორე მეოთხედი 15-ქულიანი სხვაობით მოიგეს, რაც, ერთი შეხედვით, მნიშვნელოვანი უპირატესობა ჩანდა, თუმცა „ორლანდომ“ მესამე და მეოთხე მეოთხედში კარგად ითამაშა. ძირითადი დრო 118:118 დასრულდა.

პირველი ოვერტაიმის დასრულებამდე მხოლოდ წამი იყო დარჩენილი, როდესაც „საკრამენტო“ 127:125 წინ იყო, თუმცა პაოლო ბანკეროს ორქულიანით „ორლანდომ“ კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში. მეორე ოვერტაიმშიც გაქცევას ვერცერთი გუნდი ახერხებდა. საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე კი „საკრამენტოს“ კალათბურთელმა, ფოქსმა 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, თავისიანები 3 ქულით წინ გაიყვანა და „ორლანდომაც“ გათანაბრება ვეღარ შეძლო.

მატჩი ორლანდოელთა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო გოგა ბითაძემ. მან მოედანზე 23:24 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 5 მოხსნა, 3 დაფარება, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. „მეჯიქის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 41 ქულით პაოლო ბანკერო იყო. „საკრამენტოს“ მალიკ მონკმა ულიდერა 34 ქულით, დომანტასს საბონისს სამმაგი დუბლი ჰქონდა – 22 ქულა, 20 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა.

ამ მომენტისთვის „ორლანდო მეჯიქს“ 19 გამარჯვება და 15 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.