ორივე „მერანი“ სახლში დამარცხდა - ფაქტობრივად, „შუქურამ“ ელიგაში დაბრუნება გაიფორმა #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურამ“ ეროვნული ლიგა 2-ის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კონკურენტი მარტვილის „მერანი“ გასვლაზე დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. გუნდს დარჩენილ 5 შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულის მოპოვება სჭირდება.
მარტვილში გამართული მატჩი ქობულეთელებმა დამაჯერებლად ჩაატარეს და უშუალო მეტოქე გასვლაზე დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 0:4. პირველ ტაიმში ზურაბ მუსელიანმა დუბლი (13, 37) შეასრულა, შესვენების შემდეგ კი „მერანის“ კარი ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა (69) და გია აფხაზავამ (85) აიღეს.
მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო „რუსთავმა“, რომელიც თბილისის „მერანს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. „სპაერის“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში სტუმრები სამხრეთ აფრიკელი თავდამსხმელის, ბანტუ მზვაკალის გოლით მე-40 წუთზე დაწინაურდნენ, რომელმაც 49-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 83-ე წუთზე თბილისელთა მოთამაშე ნიკა ხეცურიანმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ „მერანმა“ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო.
27-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი ხვალ გაიმართება:
კვირა, 23 ოქტომბერი
სამტრედია – გარეჯი
14:30. ეროსი მანჯგალაძე – სამტრედია
სპაერი – ვიტ ჯორჯია
14:30. სპაერის სტადიონი – თბილისი