ორივე გუნდში უმაღლესი შეფასებით - მამარდაშვილი ლა ლიგის სასტარტო მატჩის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც „ვალენსიაში“ და ლა ლიგაში სადებიურო მატჩი „ხეტაფესთან“ ჩაატარა, საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემებისგან ორივე გუნდში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
სტატისტიკისა და ანალიტიკის საერთაშორისო პორტალმა whoscored-მა მოედნის მოთამაშეებში მაღალი შეფასება „ვალენსიას“ ფეხბურთელებს, ცენტრალურ მცველს – გაბრიელ პაულისტას (7,3), პორტუგალიელ თავდამსხმელ – გონსალუ გედეშსა (7,3) და რუს ფლანგის შემტევს – დენის ჩერიშევს (7,3) დაუწერა, მაგრამ ყველაზე მეტად ქართველი მეკარის შრომა დააფასა – 7,82 ქულა.
გიორგი მამარდაშვილის გრაფაში კიდევ უფრო მაღალი შეფასება sopa score-მ დაწერა, რომელიც ასევე სტატისტიკისა და ანალიტიკის საერთაშორისო პორტალია. მოედნის მოთამაშეებში საუკეთესოდ გაბრიელ პაულისტა (7,3) აღიარა. კარგად შეაფასა მარჯვენა მცველის, პორტუგალიელი ტიერი კორეასა (7,2) და გონსალუ გედეშის (7,2) თამაშიც. მაგრამ 8-ზე მაღალი შეფასება მხოლოდ მამარდაშვილს (8,1) დაუწერა.
20 წლის ბიჭისთვის, რომელიც გუშინწინ საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა, ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში მოხვდა, ეს შეფასებები უდიდესი აღიარება და ნახტომია.