ორივე გუნდში საუკეთესო - კვარაცხელიას კარგი თამაში ისევ დაუფასეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ლაციო“-„ნაპოლის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშეა – ასეთია საერთაშორისო და იტალიური საფეხბურთო ექსპერტების შეფასება.
ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო ვებგვერდი whoscored მოთამაშეთა ქმედებებს 10-ქულიანი სისტემით აფასებს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, რომელმაც სერია A-ს მე-5 ტურის მატჩში რომში „ლაციოს“ გადამწყვეტი გოლი გაუტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა (2:1) 8,0 შეფასება დაუწერეს.
whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელიას უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ ორჯერ დაუწერა – „ვერონასთან“ (5:2 – 8,2 ქულა) და „მონცასთან“ (4:0 – 8,5 ქულა) მოგებული მატჩის შემდეგ, საუკეთესოდ კი მეორედ დაასახელა. პირველად ეს „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ მოხდა.
მაღალი შეფასება მისცა ქართველის თამაშს „გაძეტა დელო სპორტმა“ – ავტორიტეტულმა გამოცემამ ხვიჩას 7 ქულა დაუწერა, რაც ორივე გუნდის მოთამაშეებისთვის დაწერილი ყველაზე მაღალი შედეგი იყო.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის მოთამაშეთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მან 5 ტურში უკვე 4 გოლის გატანა მოახერხა და 21 წლის დებიუტანტი სერია „ა“-ს ბომბარდირთა დავაში ორ ფეხბურთელთან ერთად ლიდერობს.