ორივე გუნდში საუკეთესო იყო - მამარდაშვილს „რეალ სოსიედადთან“ საიმედო თამაში დაუფასეს #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსია“ – „რეალ სოსიედადის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშეა – ასეთია ერთდროულად ორი ავტორიტეტული საერთაშორისო პორტალის შეფასება.
გასავარდნ ზონაში მოხვედრილმა „ვალენსიამ“ ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი „რეალ სოსიედადი“ „მესტალიაზე“ 1:0 დაამარცხა და აუტსაიდერთა სამეული დატოვა. ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში კი 22 წლის ქართველმა მეკარემ დიდი როლი ითამაშა.
ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩში მამარდაშვილმა პირველ ტაიმში ორი სახიფათო შეტევა მოიგერია, ასევე მოხდა მეორე ტაიმშიც – კარის მშრალად შენახვით კი „ვალენსიას“ ლა ლიგაში 10 ნოემბრის შემდეგ პირველი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
გიორგი მამარდაშვილს ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიტიკის ვებგვერდმა, sofascore-მა 7,7 ქულა დაუწერა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა. ქართველმა მეკარემ ოდნავ ნაკლები ქულა პორტალმა Whoscored-ისგან მიიღო – 7.3 ქულა, მაგრამ ამჯერადაც ორივე გუნდში საუკეთესო იყო.