ორი წლის შემდეგ ისევ „საბურთალოში“ - გიორგი კოხრეიძე ეროვნულ ლიგაში ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი კოხრეიძე საქართველოში დაბრუნდა და კვლავ „საბურთალოს“ ფორმას მოირგებს, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.
24 წლის თავდამსხმელი „საბურთალოს“ აღზრდილია. კოხრეიძეს „საბურთალოს“ რიგებში 144 მატჩი აქვს ჩატარებული, მის აქტივში 32 გოლი და 20 საგოლე პასია. გიორგი, „საბურთალოსთან“ ერთად, 2018 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2019 და 2020 წლებში კი საქართველოს თასი და სუპერთასი მოიპოვა.
კოხრეიძე 2021 წელს საფრანგთის ლიგა 2-ის „გრენობლში“ ირიცხებოდა, მაგრამ ტრავმების გამო ორი წელი, ფაქტობრივად, გაუცდა. ერთი თვის წინ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. გიორგი თბილისურ კლუბში 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„საბურთალო“ ხვალ, 8 მარტს, ეროვნული ლიგის მესამე ტურში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. შეხვედრა რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში 18:00 საათზე გაიმართება, მაგრამ ითამაშებს თუ არა კოხრეიძე, ჯერ უცნობია.
გიორგი კოხრეიძე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. უთამაშია საქართველოს 17 (4 მატჩი, 1 გოლი), 19 (6/2) და 21-წლამდელთა (13/1) ნაკრებებში.