ორი ვერსია ჩაკვეტაძის მომავალზე - გიორგის შოტლანდიასა და ავსტრიაში იწვევენ #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც „გენტიდან“ იჯარით სლოვაკურ „სლოვანში“ თამაშობს, შოტლანდიური და ავსტრიული კლუბები იწვევენ, – ინფორმაციას ბელგიური გამოცემა Nieuwsblad-ი ავრცელებს.
Nieuwsblad-ში უახლესი ამბებია ბელგიის პირველი დივიზიონის ყველა გუნდის შესახებ – ტრავმებზე, ტრანსფერებზე, შემადგენლობასა და ფაქტებზე, „გენტის“ შესახებ კი გამოცემა საინტერესო თავს აქვეყნებს.
ჩაკვეტაძე შოტლანდიელებისა და ავსტრიელების ინტერესს იწვევს
„გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესს „აბერდინი“ და ვენის „რაპიდი“ იჩენენ – 23 წლის ქართველი კრეატიული ნახევარმცველის მიმართ, რომელიც „გენტმა“ გასულ სეზონში იჯარით ბრატისლავას „სლოვანში“ გაუშვა. თუმცა, „ბუფალოსთან“ („გენტის“ ზედმეტსახელი) კონტრაქტი ჯერ კიდევ 2026 წლამდე აკავშირებს.
„აბერდინსა“ და ვენის „რაპიდს“ არ გააჩნიათ რესურსები ქართველი მოთამაშის ტრანსფერის გამოსასყიდად და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობენ. სლოვაკეთის ჩემპიონ „სლოვანში“ ჩაკვეტაძემ დიდი ხნის განმავლობაში პირველად შეძლო ტრავმის გარეშე თამაში“, – წერს Nieuwsblad-ი.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს Geo Team-ი, რომლის მტკიცებითაც, „აბერდინი“ მზად არის, ჩაკვეტაძის ტრანსფერი გამოისყიდოს.
„„აბერდინი“ მზადაა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტი „გენტიდან“ გამოისყიდოს. შოტლანდიელები ქართველი შემტევისთვის ბრძოლაში ფავორიტები არიან. ზაფხულში ბრიტანული კლუბი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ბელგიური კლუბი მზად არის, გიორგი ჩაკვეტაძეს ხუთ მილიონად შეელიოს“, – წერს Geo Team-ი.