ორი ტრანსფერი კონფერენსლიგამდე - „ტორპედომ“ მოთამაშეები გამოისყიდა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენსლიგის დაწყებამდე კიდევ ორი ტრანსფერი განახორციელა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
კლუბმა ბათუმის „დინამოდან“ 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია გამოისყიდა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და „ტორპედომ“ კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივა მიიღო.
ცოტნე ფაცაცია იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი. 2023 წელს საკუთარი მოედნიდან გატანილი გოლით ეროვნული ლიგის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. შემდეგ კი ამის გამო ისეთი ფეხბურთელების გვერდით მოხვდა, როგორებიც არიან ჰარი კეინი, კილიან მბაპე და ფედერიკო დიმარკო.
„ტორპედოს“ მეორე ახალწვეული 27 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილია, რომელმაც კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა – ამ შემთხვევაშიც ქუთაისელებმა ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გაგრძელების უფლება მიიღეს.
ბიძინაშვილის ბოლო კლუბი ყაზახური „ჟენისი“ იყო. ქუთაისელთა ახალწვეული თბილისის „იბერიის“ (ყოფილი „საბურთალო“) აღზრდილია. უთამაშია გორის „დილასა“ და ბათუმის „დინამოში“. იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა მუდმივი წევრი.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ტრანსფერში ქუთაისის „ტორპედომ“ თანხა გადაიხადა, რაც ქართული კლუბებისთვის იშვიათი ამბავია – ისინი კონტრაქტების უმრავლესობას თავისუფალ აგენტებთან აფორმებენ.