ორი შედევრი შოტლანდიაში - ქართველმა 17-წლამდელებმა ჩეხეთს ორი „მაკრატელა“ გაუტანეს [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრები ორი შედევრის ავტორები გახდნენ. ეს შოტლანდიაში, ფოლკერკის სტადიონზე მოხდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეორე მატჩში გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილებმა ჩეხეთის ნაკრები 2:1 დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა ეს ძალიან ლამაზი გოლებით მოახერხა.
პირველ ტურში გერმანიასთან მარცხის (0:3) შემდეგ გიორგი ჩიტაურის გუნდს მხოლოდ მოგება აწყობდა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი რომ შეენარჩუნებინა -17-წლამდელებმა ეს შეძლეს და 2:1 გაიმარჯვეს. ქართველმა ფეხბურთელებმა ორივე გოლი ულამაზესი „მაკრატელათი“ გაიტანეს. 35-ე წუთზე ალექსანდრე ნარიმანიძემ კუთხურის გათამაშების შემდეგ ურთულესი პოზიციიდან დარტყმით გახსნა ანგარიში და საქართველო დააწინაურა.
77-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, თენგიზ ალიბეგაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ლუკა პარკაძემ ასევე „მაკრატელათი“ არანაკლებ ლამაზი გოლი გაიტანა და საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა – 2:1.
ორი ტურის შემდეგ ელიტ-რაუნდის ჯგუფში გერმანია ლიდერობს, რომელმაც მეორე ტურში შოტლანდიაც დაამარცხა (4:0) 6 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა – მეორე საგზურისთვის იბრძვის საქართველო, რომელიც სამი ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი ელიტ-რაუნდის ბოლო ტურში მასპინძელ შოტლანდიას დაუპირისპირდება და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ქულაც აწყობს, ჩეხეთის 17-წლამდე ნაკრები კი გერმანიას შეხვდება.