ორი ქართველი UFC 298-ზე - ილია თოფურიას მსგავსად, მერაბ დვალიშვილიც 18 თებერვალს იბრძოლებს #1TVSPORT
18 თებერვალს MMA-ს ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში ერთდროულად ორი ქართველი ჩაატარებს ბრძოლას. UFC 298-ზე, ილია თოფურიასთან ერთად, მერაბ დვალიშვილსაც ვიხილავთ.
ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ სუპერმსუბუქ წონაში მერაბ დვალიშვილის მეტოქე UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს პრიზიორი ჰენრი სეხუდო იქნება.
ამჟამად მერაბ დვალიშვილი საკუთარ წონაში რეიტინგში მეორეა. ქართველს MMA-ში 20 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 16 მოიგო. აღსანიშნავია, რომ 32 წლის დვალიშვილი ზედიზედ ცხრამატჩიანი მოგებების სერიით შეხვდება სეხუდოს.
მერაბის მეტოქე, 36 წლის ჰენრი სეხუდო სუპერმსუბუქ წონაში მესამე ადგილზეა. მან ბოლოს საჩემპიონო ქამრისთვის ალჯამეინ სტერლინგთან იბრძოლა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხებულად გამოცხადდა. ჯამში კი, ამერიკელს 16 მოგება და 3 მარცხი აქვს კარიერაში.
შეგახსენებთ, რომ MMA-ში ჯერ კიდევ დაუმარცხებელი (14-0) ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის ავსტრალიელ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება. UFC 298-ს ქალაქი ანაჰეიმი უმასპინძლებს.