ორი ქართული გოლი ყაზახეთში - ლობჯანიძემ 90+1 წუთზე გაიტანა, ჩოგაძემ „შახტიორს“ მოაგებინა #1TVSPORT
გუჯა ლობჯანიძემ და თემურ ჩოგაძემ თავის გამოჩენა მოახერხეს ყაზახეთის ჩემპიონატში, სადაც მე-19 ტურის მატჩები გაიმართა.
პრემიერლიგის მატჩში აუტსაიდერთა ჯგუფში მყოფმა ლობჯანიძის „კიზილ-ჯარამ“ საკუთარ მოედანზე მიიღო შიმკენტის „ორდაბასი“, რომელსაც ევროსაგზურის მოპოვების შანსი აქვს და მოულოდნელად დიდი ანგარიშით დაამარცხა. ლობჯანიძე მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა 90+1-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0.
„კასპიისკიში“ 67 წუთი ითამაშა რატი არდაზიშვილმა, რომლის გუნდმაც „ასტანას“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ამდენივე სათამაშო დრო მისცეს ლუკა გადრანსაც „ტარაზში“, რომელიც საშინაო არენაზე „აკსუსთან“ 3:4 დამარცხდა.
ლუკა იმნაძე „აკზაიკის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო თომა ტაბატაძე შეცვლაზე (63-ე წუთზე) შევიდა ყარაღანდას „შახტიორთან“ წაგებულ შეხვედრაში. სტუმართა შორის 72-ე წუთიდან თემურ ჩოგაძე გამოჩნდა და 3 წუთში გადამწყვეტი გოლით „შახტარის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ წაგებას ვერ გადაურჩნენ. თავსი გამოჩენა ტაბატაძესაც შეეძლო, მაგრამ 84-ე წუთზე პენალტი გააფუჭა.
ქართველების გუნდებიდან ყველაზე წინ „შახტიორია“, რომელიც 30 ქულით მეოთხე პოზიციაზეა. „კიზილ-ჯარას“ 21 ქულა აქვს და იგი სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.