24 აგვისტოს ორი ქართველი მსაჯი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრება, სადაც 10 სექტემბრამდე დარჩებიან და მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა „ალაფაზე“ იმსაჯებენ.
ნიკა ამაშუკელი ტურნირზე ცენტრალურ მსაჯადაა მიწვეული, ხოლო თორნიკე გვირჯიშვილი კიდის მსაჯი იქნება.
რუმინეთში 2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის საგზურისთვის 8 გუნდი იბრძოლებს – „ა“ ჯგუფში მასპინძელი რუმინეთი, სამოა, ნამიბია და ჰონკონგი ითამაშებენ, ხოლო „ბ“ ჯგუფში ფიჯი, კანადა, ურუგვაი და პორტუგალია. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 28 აგვისტოს, 1 და 5 სექტემბერს გაიმართება, ხოლო 9 სექტემბერს ფინალური მატჩების დღეა.
ნიკა ამაშუკელი – პირველად ცენტრში
„მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა „ალაფა“ საკმაოდ მაღალი რანგის შეჯიბრია და სასიამოვნოა, რომ საქართველო რუმინეთში ორი მსაჯით იქნება წარმოდგენილი. მე ცენტრალურ მსაჯად ვარ მიწვეული, ხოლო თორნიკე გვირჯიშვილი ზედიზედ მეორე წელია კიდის მსაჯი იქნება“ – ამბობს ნიკა ამაშუკელი, რომელიც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა „ალაფაზე“ 2016 წელს ზიმბაბვეში, კიდით მსაჯად იყო მიწვეული, წელს კი ამ ტურნირზე ცენტრალური მსაჯი იქნება:
„ორი წლის წინ ჩემი მუშაობით კმაყოფილები დარჩნენ და მაშინ ფინალურ შეხვედრაში პირველ გვერდით მსაჯად დამნიშნეს. მაშინვე მითხრეს, რომ მომავალში ცენტრალურ მსაჯად დამიძახებდნენ და პირობა შეასრულეს. აქტიურად ვემზადები, როგორც ფიზიკურად, ასევე თეორიულად. „ალაფაზე“ საკმაოდ ძლიერი გუნდები არიან წარმოდგენილი და კარგი ტურნირი უნდა გამოვიდეს. ბუქარესტში ყველაზე ახალგაზრდა მსაჯი ვიქნები, კონკურენტები ჩემზე 4-6 წლით უფროსები არიან, თუმცა ვეცდები თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და ფინალური მატჩის მსაჯობის უფლება დავიმსახურო“.
23 წლის ამაშუკელისთვის „ალაფაზე“ ცენტრალურ მსაჯად მიწვევა ერთგვარი მოულოდნელობა იყო. მას მსოფლიო რაგბის მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელმა ალან როლანმა სამხრეთ აფრიკაში დაუძახა, რის შემდეგაც ბუქარესტში გასამართ ტურნირზე ცენტრალურ მსაჯად დანიშნა.
„სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოშის სპორტულ აკადემიაში ყოველ წელს იმართება მეორე დონის ქვეყნების მსაჯთა, მწვრთნელთა, ფიზ.მომზადების მწვრთნელთა და ვიდეო-ანალიტიკოსთა მსოფლიო რაგბის სემინარი. საქართველოდან მხოლოდ თორნიკე გვირჯიშვილი იყო მიწვეული, მაგრამ პირადად ალან როლანმა მომწერა და სამხრეთ აფრიკაში ჩასვლა მთხოვა. სემინარები 21-28 ივლისს გაიმართა, რის შემდეგაც „ალაფაზე“ ცენტრალურ მსაჯად დამნიშნეს“ – იხსენებს ამაშუკელი.
თორნიკე გვირჯიშვილი – ორი წელი „ალაფაზე“
25 წლის თორნიკე გვირჯიშვილი ზედიზედ მეორე წელი იმუშავებს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა „ალაფაზე“. შარშან ის ურუგვაიში 8 შეხვედრაში იყო გვერდითი მსაჯი, მათ შორის მესამე ადგილისთვის მატჩში.
„ნებისმიერი მსოფლიო დონის შეხვედრა, ჩვენთვის უდიდესი გამოცდილებაა და განვითარებაში გვეხმარება. შარშან ურუგვაიში ვიმსაჯე, კარგი შეფასება მივიღე და „ალაფაზე“ წელსაც მიმიწვიეს. ყოველი ასეთი ნაბიჯი დადებითად აისახება ჩვენს ჩემპიონატზე, რაც უმნიშვნელოვანესია. შარშანდელ „ალაფაზე“ გამიჭირდა, რადგან დიდ 10-ში ცენტრალური მსაჯი ვარ და ამის შემდეგ ცოტა რთულია თამაშის გვერდიდან ყურება, თუმცა წელს უკეთ მომზადებული მივდივარ“ – ამბობს გვირჯიშვილი.
ბუქარესტში მსოფლიო რაგბი ახალი წესების გამოცდას გეგმავს და ამაშუკელი და გვირჯიშვილი იქნებიან ერთ-ერთი პირველები, რომლებიც ამ ექსპერიმენტებს გაეცნობიან.
თორნიკეს ურუგვაის გარდა გვერდით მსაჯად „თბილისის თასზე“ და „კონტინენტის ფარზე“ უმუშავია. ალან როლანი მომავალში მას ცენტრალურ მსაჯად განიხილავს, თუმცა ამისათვის ინგლისური ენის ცოდნა უნდა დახვეწოს:
„საერთაშორისო დონეზე უფრო ადრე გავიდოდი, მაგრამ სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი, ინგლისური არ ვიცოდი და ამან შემაფერხა. შარშან ინგლისურის სწავლა დავიწყე და წელს სტელენბოშში სემინარზე მეორედ მიმიწვიეს. მქონდა ერთი-ერთზე შეხვედრა ალან როლანთან, რომელმაც პირდაპირ მითხრა, რომ უნდა დავხვეწო ინგლისური ენა და მეტი შანსი მექნება. სწავლას ვაგრძელებ და მაქვს იმედი, რომ უფრო მაღალ დონეზე მუშაობის საშუალებაც მექნება“.
„კონტინენტის ფარზე“ კვლავ ორი ბრიგადით
ოქტომბრის დასაწყისში მსაჯთა მენეჯერი ლუკა კილასონია და ორი ცენტრალური მსაჯი – შოთა თევზაძე და ნიკა ამაშუკელი პარიზის მახლობლად, „მარკუსიზე“ გაემგზავრებიან, სადაც ევროპის საკლუბო ტურნირების მსაჯების ტრადიციული შეხვედრა გაიმართება.
ეს იმის ნიშანია, რომ შარშანდელის მსგავსად, „კონტინენტის ფარზე“ წელსაც მსაჯთა ორი ბრიგადა იმუშავებს:
„გასული სეზონი ორივე ბრიგადამ მაღალ დონეზე ჩავატარეთ და კარგი შეფასებები მივიღეთ. შედეგად, ვიმსაჯე „კონტინენტის ფარის“ ნახევარფინალი. მეორე ნახევარფინალს ირლანდიელი, ხოლო ფინალს უელსელი მსაჯები მოემსახურნენ და ამ კომპანიაში ჩვენი გარევა სასიამოვნო იყო. პარიზიდან უკვე მივიღეთ მიწვევა და წელსაც აუცილებლად ვიქნებით „კონტინენტის ფარზე“, რის შემდეგაც მაქვს იმედი, რომ გაისად ჩელენჯ ქაფზე დაგვაწინაურებენ“ – იმედიანადაა ამაშუკელი.
ნიკა თვლის, რომ სერთაშორისო დონეზე ყოველი გასვლა და ქართველ მსაჯთა დონის ამაღლება, სასიკეთოდ აისახება დიდი 10-ის ჩემპიონატზე:
„მოთამაშეები, მწვრთნელები, მსაჯები – ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დონეზე ქართველი მსაჯების გამოჩენა და წინსვლა დადებითად აისახება შიდა ჩემპიონატის დონეზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ჩემპიონატი უკეთსი გახდეს და ყოველ საერთაშორისო ტურნირში ჩართვა, ამისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია“.
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი
ფოტო – გოგიტა ბუხაიძე