ორი „მერანის“ მატჩი მარტვილელებმა მოიგეს - თბილისელები გერმანელმა მეკარემ დააღალატა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-12 ტური მარტვილსა და განმუხურში გამართული შეხვედრებით დაიწყო. „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ ორი „მერანის“ დაპირისპირება მარტვილელებმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს.
მარტვილელები ნკოტო მასოაბის დუბლით (18, 49) დაწინაურდნენ. თბილისელთა ფეხბურთელმა ჯაბა კასრელიშვილმა 61-ე წუთზე ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ერთ წუთში სტუმართა გერმანელი მეკარე მარიუს ჰეისლიცი გააძევეს და თბილისელები რთულ ვითარებაში ჩააგდო.
ამით მარტვილელებმა სწრაფად ისარგებლეს და დათა წულაიამ (78, 90+7) დუბლი შეასრულა. კაცნაკლულმა სტუმრებმა გაიბრძოლეს, ლუკა თოლორდავამ (80) გაიტანა, მაგრამ სტუმრებმა მეტი ვეღარ მოახერხეს და მარტვილელებმა 4:2 მოიგეს. პარალელურად ზუგდიდის „დინამომ“ თბილისის „შევარდენს“ უმასპინძლა. პირველი მატჩისგან განსხვავებით, განმუხურში გამართულ შეხვედრაში გოლი არ გასულა და 0:0 დასრულდა.
ეროვნულ ლიგა 2-ში გამართული 12 მატჩის შემდეგ მარტვილის „მერანმა“ 26 ქულა დააგროვა და პირველადგილოსან ქობულეთის „შუქურას“ დაეწია, რომელსაც ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს. თბილისის „მერანი“ (20) მესამეა, ზუგდიდის „დინამო“ (15) მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო „შევარდენი“ (13) – მეშვიდეზე.