ორი მატჩი, ორი მარცხი - პორტუგალიაში მხოლოდ აბურჯანიამ ითამაშა #1TVSPORT
პორტუგალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში გიორგი მაკარიძისა და გიორგი აბურჯანიას გუნდებმა ითამაშეს, ორივე დამარცხდა, მაგრამ მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა ითამაშა.
გიორგი მაკარიძის „მარიტიმუმ“ საკუთარ მოედანზე პორტუგალიური ფეხბურთის გრანდს, ლისაბონის „ბენფიკას“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. გიორგი მაკარიძე კვლავ სათადარიგოებში იყო და „მარიტიმუს“ მწვრთნელმა კვლავ მისი კონკურენტი, ბრაზილიელი მარსელო კარნუზე ათამაშა.
გიორგი აბურჯანია „ჟილ ვისენტეს“ განაცხადში იყო და 65-ე წუთზე გამოჩნდა „რიუ ავესთან“ შეხვედრაში – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი (84-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო) მოედანზე იმ დროს გამოჩნდა, როდესაც მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ და ანგარიში 2:1 იყო. მაგრამ ქართველის გუნდმა თამაში ვეღარ გადაარჩინა.
პორტუგალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის შემდეგ „ჟილ ვისენტე“ 29 ქულით მე-12 ადგილზეა, „მარიტიმუ“ (18) კი – მე-16-ზე და აუტსაიდერთა ზონიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებს.