„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ 21-ე ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. „მიხეილ მესხი 2“-ზე ბოლო ადგილზე მყოფი „ვიტ ჯორჯია“ საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 0:0. ბოლო ოთხ შეხვედრაში თბილისელებმა პირველი ქულა მოიპოვეს.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა „საბურთალომ“ აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „რუსთავს“ უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 2:2. პირველ ნახევარში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და ლაშა ქოჩლაძის მიერ მე-17 და 38-ე წუთებზე გატანილი გოლებით ანგარიშით 0:2-ს იგებდნენ. წონასწორობა გეგა დიასამიძემ ასევე დუბლით აღადგინა – შესვენებამდე (45+2) სხვაობა შეამცირა, ხოლო საბოლოო ანგარიში 74-ე წუთზე დააფიქსირა. მან ორივე გოლი ნიკა მალის გადაცემებით გაიტანა. „საბურთალოს“ მოგების რეალური შანსი ბოლო წამზე ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი გაბედავამ შანსით ვერ ისარგებლა და შედეგად – 2:2.
მძიმე სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება ვერც „ვიტ ჯორჯიამ“ მოახერხა და ვერც „ჩიხურამ“. „საბურთალომ“ ერთი დღით ლიდერობა დაიბრუნა, მაგრამ 3 ივლისს დანიშნული ტურის ცენტრალური შეხვედრის შემდეგ ცხრილში ცვლილება აუცილებლად მოხდება: ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ მესამეადგილოსანი თბილისის „დინამო“ გათამაშების ლიდერ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. ორივე გუნდს მოგება პირველ ადგილზე დააწინაურებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საქართველოს მეორე არხი შემოგთავაზებთ.