კორეის რესპუბლიკის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა ტო-ჩონ ხვანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ შესთავაზა კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას, განიხილოს 2020 წელს, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე, სპორტის რამდენიმე სახეობაში ერთობლივი გუნდით გამოსვლის შესაძლებლობა.
წელს, ორივე ქვეყნის სპორტსმენები პიონჩანგში ზამთრის თამაშების გახსნის ცერემონიაზე ერთიანი კორეის დროშით გამოვიდნენ. აგრეთვე, ჰოკეის ქალთა ტურნირზე კორეამ გაერთიანებული გუნდით ითამაშა.
„ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან განვიხილეთ საკითხი იმაზე, თუ როგორ წარვადგინოთ ერთობლივი გუნდი ტოკიოს ოლიმპიადაზე“, – განაცხადა ტო-ჩონ ხვანმა. – „ხშირი შეხვედრები დაგვჭირდება დიდი რაოდენობით ასეთი გუნდების შესაქმნელად“.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ოლიმპიადა იაპონიის დედაქალაქში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.