ორი გაძევება და პირველი მოგება - „შუქურამ“ „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეორე ტურში ქობულეთის „შუქურა“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ დაპირისპირებაში 2:1 გაიმარჯვა.
შუქურა-სამგურალი 2:1
გოლები: 1:0 ქურდაძე (24), 2:0 ფაცაცია (52). 2:1 ჩიხრაძე (90+6)
ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მეორე ტურის შეხვედრის დასაწყისშივე „სამგურალი“ 10 მოთამაშით დარჩა. მე-9 წუთზე ირაკლი ლექვთაძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ წყალტუბოელთა ცენტრალურმა მცველმა ომარ პატარკაციშვილმა წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმისთვის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ვარდიძემ მცველს წითელი ბარათი აჩვენა.
ამით მასპინძლებმა მალე ისარგებლეს. 24-ე წუთზე ანგარიში „შუქურას“ ცენტრალურმა მცველმა, ლევან ქურდაძემ გახსნა. ცოტა ხანში ქობულეთელებიც კაცნაკლულნი დარჩნენ – 37-ე წუთზე ირაკლი ლექვთაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „სამგურალს“ თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდა.
თუმცა გოლის გატანა ისევ ქობულეთელებმა მოახერხეს. 51-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ ჯარიმა შეასრულა, ბურთს ვერცერთი მოთამაშე ვერ შესწვდა, რეაგირება ვერც „სამგურალის“ მეკარემ მოახერხა.
„სამგურალმა“ არბიტრის მიერ დამატებულ დროში ერთი გოლი გაქვითა – სხვაობა ლადო ჩიხრაძემ შეამცირა, მაგრამ სტუმრებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და ქობულეთის „შუქურამ“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.
ორი ტურის შემდეგ „შუქურასა“ და „სამგურალს“ 3-3 ქულა აქვთ.