ორი ფედერაცია და ორი პრეზიდენტი - ბულგარულ ფეხბურთში დიდი არეულობაა #1TVSPORT
ორი ფედერაცია და ორი პრეზიდენტი - ბულგარულ ფეხბურთში დიდი არეულობაა #1TVSPORT

ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს მეტოქე ბულგარეთში ისეთი საფეხბურთო არეულობა დაიწყო, დიდი ალბათობით, საქმეში ფიფა ჩაერევა. საქმე ისაა, რომ ერთმანეთის პარალელურად, ორი ფედერაცია და ორი პრეზიდენტი ჰყავთ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სოფიაში ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ყრილობა გაიმართა, რომელშიც 82-დან 80 ბულგარული კლუბი მონაწილეობდა. ზედიზედ ორი დღე ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ყრილობა გაუქმდა, ხოლო დელეგატებს კულტურის ეროვნულ სასახლეში არ უშვებდნენ.

საბოლოოდ, დელეგატებმა დარბაზში შეაღწიეს და პრეზიდენტად ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი დიმიტარ ბერბატოვი აირჩიეს, ხოლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა – ბობი (ბორისლავ) მიხაილოვი და მისი აღმასკომის ყველა წევრი 75 ხმით გაათავისუფლეს. ასევე გადაწყდა, რომ ერთი და იგივე პირს პრეზიდენტად სამზე მეტი ვადით ვერ აირჩევენ.

თუმცა წარსულში ცნობილი მეკარე, ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ექსპრეზიდენტი მიხაილოვი კონგრესის შედეგებს არ ცნობს და ფიფა-სა და უეფა-ს საქმის კურსში ჩაყენებას აპირებს, რადგან ის ოქტომბერში კავშირის პრეზიდენტად მეხუთედ 241 ხმით აირჩიეს – მაშინ ბერბატოვმა, რომელმაც 11-ით ნაკლები ხმა მიიღო, შედეგები არ აღიარა. მიხაილოვის პოზიციას ის ამაგრებს, რომ ყრილობას ფიფა-ს და უეფა-ს წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.