თურქულ შეკრებაზე მყოფმა „დინამო თბილისმა“ მორიგი საკონტროლო შეხვედრა კიევის „დინამოსთან“ გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონისა და უკრაინის ჩემპიონის დაპირისპირება ბელექის „ტიტანიკ ჰოტელ არენაზე“ გაიმართა. ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა – კიეველები ძლიერი დარტყმით ვლადისლავ კულაჩმა დააწინაურა.
შესვენების შემდეგ კახა ცხადაძის გუნდში ნიკა მალი გამოჩნდა, რომელიც თბილისელებმა „საბურთალოდან“ დაიმატეს, გუნდს კი თურქულ შეკრებაზე შეუერთდა და მისი ფორმით პირველი თამაში ჩაატარა.
ქართველები მეორე ნახევარში გაცილებით გააქტიურდნენ, მეტოქეს უფრო მჭირდროდ და ხისტად ეთამაშებოდნენ და სივრცეებს აღარ უთმობდნენ. თუმცა, საბოლოოდ, კიეველებმა უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს და ორი „დინამოს“ მატჩი უკრაინელებმა 1:0 მოიგეს.
თბილისელებმა თურქულ შეკრებაზე მეოთხე შეხვედრა ჩაატარეს და ჯერ თამაში ვერ მოიგეს. „დინამომ“ წინა მატჩები „ლვოვთან“ 0:0 და „ნაპრედაკთან“ 1:1 ფრედ ითამაშა, ხოლო „ლუდოგორეცთან“ 0:1 წააგო.
„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე მომდევნო საკონტროლო შეხვედრას 10 თებერვალს გამართავს – კახა ცხადაძის გუნდი მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდება.