ორი „დინამოს“ მატჩი თბილისელებმა მოიგეს და პირველად გალიდერდნენ - ვიდეორეფერის გამოყენებით ელიგაში მოთამაშე პირველად გააძევეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 29-ე ტურის და შესაძლოა, მთელი სეზონის ცენტრალურ შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა – ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი „დინამოს“ მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა და საჩემპიონო ბრძოლაში წელს პირველად დაწინაურდა.
შეხვედრამდე ბათუმის „დინამო“ გათამაშებას 61 ქულით ლიდერობდა, ხოლო მას თბილისელები ქულით (60) ჩამორჩებოდნენ. მოგებით მოქმედი ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე კომფორტულ უპირატესობას მოიპოვებდა, ხოლო „დინამო თბილისი“ კონკურენტის გადასწრებას პირველად მოახერხებდა.
უგოლო და უფერული პირველი ტაიმის შემდეგ ლიდერებმა გულშემატკივრებს ბევრად უფრო საინტერესო და სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს. რეალური საგოლე მომენტი ორივე გუნდს ჰქონდა. მაგრამ მხოლოდ თბილისელებმა ისარგებლეს – 69-ე წუთზე, ნიკა მალის გადაცემით თბილისელთა კაპიტანმა დავით სხირტლაძემ ანგარიში გახსნა.
77-ე წუთზე ეროვნული ლიგის ისტორიაში პირველად, მთავარმა არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა ვიდეორეფერი გამოიყენა და დაადგინა, რომ თბილისელთა თავდამსხმელი, ოსეი ბარნსი ყვითელი ბარათის ნაცვლად წითელს იმსახურებდა და მოედნიდან გააძევა. ამის მიუხედავად, დარჩენილ დროში თბილისელები უფრო უკეთ გამოიყურებოდნენ, საგოლე მომენტებიც მეტი შექმნეს და საბოლოოდ, უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგეს.
29 ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“, რომელმაც 63 ქულა დააგროვა, ბათუმის „დინამოს“ (61 ქულა) სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გადაასწრო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი, რომელიც ერთი ხანობა კონკურენტს 9 ქულით ჩამორჩებოდა, პირველად გალიდერდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო საინტერესო გახადა.