ორი „დინამოს“ დაპირისპირებაში ბათუმელებმა გაიმარჯვეს და ეროვნულ ლიგაში ლიდერობა დაიბრუნეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებით „ბათუმი არენაზე“ დასრულდა. ბათუმისა და თბილისის „დინამოების“ მატჩი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს და ლიდერობა დაიბრუნეს.
საქართველოს ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრის პირველ ტაიმში „დინამო თბილისმა“ კარგი მომენტები შექმნა, მაგრამ ვერ ისარგებლა. ანგარიში კი ბათუმელებმა გახსნეს. 34-ე წუთზე მასპინძლების შეტევა ონორე გომისმა დაასრულა.
მეორე ტაიმში ბათუმის „დინამომ“ უპირატესობა გაზარდა. 68-ე წუთზე ჟან ვიქტორმა მეკარესთან პირისპირ ლევან კუტალია დატოვა, რომელმაც ეფექტური დარტყმით ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა.
შვიდი ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 18 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიბრუნა, „დინამო თბილისი“ კი რვა ქულით მისთვის უჩვეულო მეექვსე პოზიციაზეა.