ორი ამბავი „დინამო არენაზე“ - ლეგენდარული კაპიტნის ოჯახის წევრებს სამახსოვრო მაისური გადასცეს #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალთან“ ეროვნული ლიგის მატჩი „დინამო თბილისმა“ ლეგენდარული კაპიტნის, ბასა ღოღობერიძის ხსოვნას მიუძღვნა.
საქმე ისაა, რომ „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელისა და კაპიტნის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. იუბილეს აღსანიშნად, თბილისური გუნდის კაპიტანმა დავით სხირტლაძემ „სამგურალთან“ მატჩამდე ბასა ღოღობერიძის ოჯახის წევრებს სამახსოვრო მაისური გადასცა წარწერით – „ბასა 100“.
თამაშამდე კიდევ ერთი გამოსარჩევი ამბავი მოხდა. გიორგი გაბედავამ 1 სექტემბერს, „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ეროვნულ ლიგაში მე-100 გოლი გაიტანა და დადგა იმ იშვიათი თავდამსხმელების გვერდში, რომლებმაც ამ ზღვარს გადააბიჯეს.
„დინამოელებმა“ თანაგუნდელს ეს წარმატება ასევე „სამგურალთან“ შეხვედრამდე მიულოცეს და გაბედავას გადასცეს მაისური წარწერით – 100.
„დინამოელები ვულოცავთ გაბეს ამ განსაკუთრებულ მიღწევას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ“, – წერია „დინამოს“ მიერ გავრცელებულ მილოცვაში.