ორ მატჩში სამი გოლი და ერთი ასისტი - კვარაცხელიამ „პერუჯასაც“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ფორმით კიდევ გაიტანა – დღეს ნაპოლიტანელები საკონტროლო შეხვედრაში „პერუჯას“ შეხვდნენ, რომელიც სერია B-ში თამაშობს და ქართველმა თავი დასაწყისშივე გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. შეგახსენებთ, პირველ მატჩში ხვიჩამ სამოყვარულო „ანაუნუსთან“ დუბლი და საგოლე პასი ჩაიწერა ანგარიშზე, დღეს კი გაცილებით ძლიერ „პერუჯას“ დაუპირისპირდა, რომელიც სერია B-ში თამაშობს და სერია A-შიც წლები გამოდიოდა.

ანგარიში ეფექტური გოლით სწორედ საქართველოს ნაკრების ლიდერმა გახსნა. კვარაცხელიამ მე-5 წუთზე საჯარიმოსთან შეტევა განავითარა, თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა და საჯარიმოში შევარდნილმა მეკარეს ისე დაურტყა შორეულ კუთხეში, რეაგირებისთვის შანსი არ დაუტოვა. გოლს კომენტატორების და გულშემატკივრების რეაქცია მოჰყვა.

ქართველი თავდამსხმელი ამის შემდეგაც აქტიურობდა, მის წინააღმდეგ უხეშობისთვის მცველმა ყვითელი ბარათიც მიიღო, მეორე ტაიმში კი კვარაცხელია დაასვენეს, „ნაპოლიმ“ კი საბოლოოდ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა 4:1. ხვიჩას ორ მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

„ნაპოლი“ კიდევ 4 საკონტროლო შეხვედრას გამართავს: თურქულ „ადანა დემირსპორთან“ (27 ივლისი), „მალიორკასთან“ (31 ივლისი), „ჟირონასთან“ (3 აგვისტო) და „ესპანიოლთან“ (6 აგვისტო).