ოქროს ლიგის გამარჯვებულებმა და ვერცხლის მედალოსნებმა ფეხბურთის განვითარების ფონდის ახალი პროექტით ისარგებლეს

20:34, 19.02.2019

ფეხბურთის განვითარების ფონდის ახალი პროექტის თანახმად, ოქროს ლიგის გამარჯვებულები და ვერცხლის მედლების მფლობელები ზამთარში სპარინგ მატჩების გასამართად ჯილდოდ ფულად პრემიას მიიღებენ.

გამარჯვებულები ამ სიკეთით უკვე სარგებლობენ.

თბილისის დინამო უცხოურ შეკრებაზე არა მხოლოდ მთავარი გუნდით, არამედ, ასაკობრივი ლიგების წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრა.

თბილისელთა 17 და 19 წლამდე გუნდები თურქულ შეკრებაზე არიან. გოჩა ჩიქოვანის და ვლადიმერ კაკაშვილის გუნდები ანტალიაში 10 დღე დარჩებიან და მზადების პარალელურად სამ-სამ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ. 17 წლამდელები 20 თებერვალს შვეიცარიულ უსტერს‘ შეხვდებიან, 23 თებერვალს – დანიურ როსკილდეს, ხოლო 26 თებერვალს გასამართი სპარინგის მეტოქეს ადგილზე დააზუსტებენ.

19 წლამდელებიც სპარინგებს იმავე დღეებში ითამაშებენ. კაკაშვილის გუნდის პირველი მეტოქე ადგილობრივი ანტალიასფორი იქნება, შემდეგ – ნორვეგიული ნორდსტრანდი, ბოლოს კი – ყაზახური ტობოლი 2.

დინამოს 15-წლამდელთა შემადგენლობა კი კვიპროსის ქალაქ ლარნაკაშია. დინამოელები დაბინავდნენ და პირველივე საღამოს კვიპროსის პირველი დივიზიონის კალენდარულ შეხვედრას დაესწრნენ, რომელშიც ანორთოსისმა ომონიას უმასპინძლა. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი კუნძულზე ერთი კვირა დარჩება და მზადების პარალელურად ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.

დინამოელები ფამაგუსტას ანორთოსისს შეხვდნენ და 10:0 დაამარცხეს. ხუთი გოლი ჯადული იობაშვილმა გაიტანა, დანარჩენი ხუთი ზუსტი დარტყმა კი ომარ თოდუას, საბა გეგიაძის, თორნიკე მოლაშვილის, თემურ დევიძის და აჩიკო დათუნაშვილის ანგარიშზეა. 20 თებერვალს ლურჯ-თეთრები ასევე ფამაგუსტას ნეა სალამინასთან ითამაშებენ, ხოლო 22 თებერვალს ლარნაკას აეკ-თან მოსინჯავენ ძალებს.

შეგახსენებთ, რომ 15 და 17 წლამდელთა დინამო დასრულებული ოქროს ლიგის გამარჯვებულები არიან, ხოლო 19-წლამდე გუნდი ვერცხლის მედლების მფლობელია. 

მსგავსი