„ოქროს ბურთის“ გადაცემის კრიტერიუმები 2022 წლიდან შეიცვლება #1TVSPORT
ფრანგული გაზეთის „ეკიპის“ ინფორმაციით, 2022 წლიდან „ოქროს ბურთის“ პრემიის გადაცემის წესი შეიცვლება. ამიერიდან, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოს მფლობელი არა კალენდარული წლის, არამედ სეზონის შედეგების მიხედვით გამოვლინდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო „ოქროს ბურთს“ გადასცემენ 2021-22 წლების სეზონის შედეგების მიხედვით, რომელიც ივლისში, ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატით დასრულდება. ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შედეგები გათვალისწინებული იქნება 2023 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოვლენისას.
გარდა ამისა, „ოქროს ბურთი“ უფრო ინდივიდუალური პრიზი გახდება, რომლის მისაღებადაც ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება ტიტულები და გუნდური მიღწევები.
ასევე „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მონაწილეობას მიიღებენ ფიფა-ს მამაკაცთა რეიტინგის TOP100-სა და ქალთა რეიტინგის TOP50-ის წარმომადგენლები.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების მორიგი ცერემონია 2022 წლის ოქტომბერში გაიმართება.