„ოქროს ბუცი“, წლის მოთამაშე და მედალი „ლივერპულის“ ნახევარმცველისგან - ბექა მიქელთაძემ ავსტრალიაში სეზონი ტრიუმფით დაასრულა #1TVSPORT
ბექა მიქელთაძე ლამის ყველა იმ ნომინაციის გამარჯვებული გახდა, რომლის მფლობელებსაც ავსტრალიური კლუბი „ნიუკასლ ჯეთსი“ სეზონის ბოლოს ავლენს.
საკლუბო ტრადიციით, სეზონის ბოლოს „ნიუკასლ ჯეთსი“ გუნდისა და გულშემატკივრების გამოკითხვას ატარებს და რჩეულ ფეხბურთელებს კუთვნილ ჯილდოს გადასცემს.
ბექა მიქელთაძე სამი პრიზის მფლობელი გახდა – 25 წლის ქართველი თავდამსხმელი დაასახელეს 2021/22 წლების სეზონის „ოქროს ბუცის“ მფლობელად, წლის საუკეთესო მოთამაშედ და ამას გარდა, კრეიგ ჯონსტონის მედალი გადასცეს.
ბოლო ჯილდოს მფლობელი გუნდის ყოფილმა ფეხბურთელებმა, ჟურნალისტებმა და თავად ჯონსტონმა დაასახელეს. კრეიგ ჯონსტონი ავსტრალიაში დაბადებული ნახევარმცველია, რომელიც ინგლისში გადავიდა და ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა, ცნობილი კი „ლივერპულში“ ასპარეზობით გახდა. ის ინგლისურ გრანდში 1981 წელს გადავიდა, სადაც კარიერის დასრულებამდე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, 5-ჯერ მოიგო პრემიერლიგა, ხოლო 1984 წელს ჩემპიონთა თასის გამარჯვება იზეიმა – მიღწევებისთვის 2005 წელს ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის დიდების დარბაზის წევრი გახდა.
ბექა მიქელთაძემ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო რეგულარულ სეზონში ა-ლიგის ბომბარდირთა დავაში ჯეიმი მაკლარენის შემდეგ (25 მატჩი, 15 გოლი) მეორე ადგილი დაიკავა.