თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა და შესაძლოა, მალე მოედანზე დაბრუნება და ნიქოზიას „აპოელის“ დახმარება შეძლოს – ინფრომაციას კვიპროსული გამოცემა „სპორტ ტაიმი“ ავრცელებს.
„თორნიკე ოქრიაშვილი ნელ-ნელა დატვირთვებს ზრდის და შესაძლოა, „აპოელს“ მალე დაეხმაროს. მან ორშაბათს სირბილი დაიწყო, მაგრამ დანარჩენ გუნდთან ერთად არ დატვირთულა. ამჟამინდელი მონაცემებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველი ნახევარმცველი „ანორთოსისთან“ მატჩისთვის მზად იყოს, მაგრამ ყველაფერი პარასკევს გაირკვევა“, – წერს გამოცემა „სპორტ ტაიმი“.
„აპოელისა“ და „ანორთოსისის“ შეხვედრა 2 აპრილს გაიმართება. მასპინძელი თემურ ქეცბაიას გუნდი იქნება. ოქრიაშვილთან ერთად „აპოელს“ ვერც მურთაზ დაუშვილი დაეხმარება, რომელიც ტრავმირებულია.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების მარტის სანაკრებო შეხვედრებში ვერ გამოიძახა, რადგან მარტში დაშავდა – 29 წლის ფეხბურთელმა კვიპროსის ჩემპიონატში ბოლო შეხვედრა 13 მარტს ლარნაკას აეკ-თან ითამაშა.