ოქრიაშვილმა „ანორთოსისს“ პირობა მისცა - ისეთ თანხებს სთავაზობენ, კვიპროსის შესაძლებლობებს აღემატება #1TVSPORT
თორნიკე ოქრიაშვილი თუ კვიპროსში დარჩება, მხოლოდ ჩვენთან ითამაშებს, – ამის შესახებ „ანორთოსისის“ მთავარმა აქციონერმა, ხრისტოს პულაიდისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„თორნიკე ჩემთან ოფისში მოვიდა და ვუთხარი, რომ გუნდში მისი დარჩენა გვინდა. მან მითხრა, რომ კვიპროსის ორი გუნდიდან ჰქონდა შემოთავაზებები, მაგრამ უარი თქვა, რადგან ევროპაში წასვლა სურს“, – განაცხადა ხრისტოს პულაიდისმა.
„ანორთოსისის“ მთავარი აქციონერის თქმით, გუნდს არ აქვს საშუალება, ოქრიაშვილს კონკურენტების მსგავსი პირობები შესთავაზოს.
„ოქრიაშვილმა ასევე მითხრა, რომელი გუნდებიდან აქვს შემოთავაზებები, არც დეტალები დაუმალავს და არც – თანხები, მაგრამ ეს პირობები კვიპროსული კლუბების შესაძლებლობებს აღემატება. მე ვუთხარი, რომ თუ ის კვიპროსში დარჩება, გვსურს, რომ მასთან საუბრის უფლება პირველად „ანორთოსისს“ მოგვცეს. თორნიკემ ამის პირობა დადო“, – ამბობს პულაიდისი.
შეგახსენებთ, რომ ბერძნული მედიის ცნობით, ოქრიაშვილის დამატება ათენის „პანათინაიკოსს“ სურს. თავად ფეხბურთელის განცხადებით, მას ასევე რუსული, თურქული და არაბთა გაერთიანებული ემირატების გუნდები იწვევენ.