ოქრიაშვილის გოლითა და ლორიას აღებული პენალტით „ანორთოსისი“ ჩემპიონატის ლიდერია (ვიდეო)
ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატს მეორე ტურის შეხვედრაც მოიგო – თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად „პაფოსი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, რაშიც მთავარი როლი ქართველებმა ითამაშეს.
საქართველოს ნაკრების ოთხივე მოთამაშე „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო – გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა. ქეცბაიამ მხოლოდ კაჭარავა შეცვალა, რომელმაც 58-ე წუთზე სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.
გიორგი ლორიამ ფამაგუსტელები 52-ე წუთზე გოლისგან იხსნა. სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კოლუმბიელმა ბრაიან ანგულომ შეასრულა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარემ ბურთი ნახტომში მოიგერია. ამის შემდეგ ლორიამ გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა. შეხვედრის ბედი კი ოქრიაშვილმა გადაწყვიტა – მან 90-ე წუთზე, მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და „ანორთოსისს“ გამარჯვება მოუტანა 0:1.
ამ მოგებით ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 2 ტურის შემდეგ მაქსიმუმი, 6 ქულა დააგროვა და გათამაშებას სათავეში ჩაუდგა.