ოქრიაშვილი სამთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - „ანორთოსისმა“ აეკ-ი ვერ დაამარცხა
კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ლარნაკას აეკ-ს ესტუმრა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.
თემურ ქეცბაიას გუნდს ამ მატჩის მოგება ჰაერივით სჭირდებოდა, სამეულში ადგილი რომ დაებრუნებინა. ქართველმა მწვრთნელმა „ანორთოსისის“ შემადგენლობაში ქართველები ათამაშა – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი სამთვიანი პაუზის შემდეგ გუნდის განაცხადში იყო და მე-80 წუთზე მოედანს დაუბრუნდა. მან ბოლოს 8 ნოემბერს ითამაშა. მერე კი საქართველოს ნაკრებში დაშავდა.
მე-15 წუთზე, აეკ-ის გათამაშებული კუთხურის შემდეგ, სტუმრები გიორგია ლორიამ გადაარჩინა. 31-ე წუთზე ლარნაკელების კარს გიორგი ქვილითაია დაემუქრა და აეკ-ი ძელმა იხსნა. 47-ე წუთზე კი მეტოქის კარს შორეული დარტყმით დაუშვილი დაემუქრა, მაგრამ შედეგი არც მის მცდელობას მოჰყოლია და საბოლოოდ, მატჩი 0:0 დასრულდა.
კვიპროსის სუპერლიგაში გამართული 23-ე ტურის ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 44 ქულა დააგროვა და ლიდერებს, ნიქოზიას „ომონიას“ და ლიმასოლის „აპოლონს“ 3-3 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსან აელ-ს – მხოლოდ ქულით.