ოქრიაშვილი მოედანს უბრუნდება
ოქრიაშვილი მოედანს უბრუნდება

თორნიკე ოქრიაშვილმა მკურნალობა დაასრულა და მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის, – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემები ავრცელებენ.

„სასიამოვნო სიახლე „ანორთოსის“ გულშემატკივრისთვის – მოედანს დაუბრუნდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიში. 28 წლის ფეხბურთელმა ტრავმის შემდეგ პირველად ივარჯიშა ინტენსიურად და ეს უკვე დადებითი ფაქტია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი სათამაშოდ უკვე მზად არის. მას დრო დასჭირდება, ფიზიკური კონდიციები რომ აღიდგინოს. ამ დროისთვის უცნობია, შეიყვანს თუ არა მას თემურ კეცბაია აეკ-თან სამატჩო განაცხადში, რადგან ჯერ 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის. დადებითი ამბავი ისაა, რომ თუ ყველაფერი კარგად წარიმართა და ქართველი შემტევი თანდათან კარგ ფორმაში იქნება, „ანორთოსისს“პლეი ოფში დაეხმარება“, – წერს გამოცემა cyprustimes.

ამ ინფორმაციამ წერტილი დაუსვა ხმებს იმის შესახებ, თითქოს, ოქრიაშვილი თემურ ქეცბაიასთან ინციდენტის შემდეგ თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა, თითქოს, კლუბთან ურთიერთობა დაეძაბა და დარჩენა აღარ სურდა. „გამოცემა philenews ამტკიცებდა, რომ „ანორთოსისის“ მიერ კონტრაქტის გაგრძელების მცდელობები წარუმატებლად დასრულდა და მათი თანამშრომლობის გახანგრძლივების სცენარი გამოირიცხა.