„ომონიას“ მწვრთნელი - ქუთაისის „ტორპედოს“ ვიცნობ, ძლიერი გუნდია, მაგრამ მათი წაუგებელი სერია უნდა დავასრულოთ #1TVSPORT
უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩამდე, კვიპროსის „ომონიას“ მწვრთნელმა, ვალდას დაბრაუსკასმა პრესკონფერენცია გამართა და ქართულ გუნდთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ერთთვიანი მომზადების შემდეგ პირველ ევროპულ მატჩს ვითამაშებთ. ჩვენი გულშემატკივარი გაგვამხნევებს, რაც ასეთ შეხვედრებში დიდი პლუსია. ევროტურნირებზე ყოველთვის საუკეთესო გუნდს ხვდები, ვინც აქ ყოფნას იმსახურებს. „ტორპედო“ ძლიერია, მათ სტატისტიკას გადავხედე და 18 თამაშია, არ აგებენ.
მოსამზადებელ ეტაპზე კარგად ვიმუშავეთ, მაგრამ ამით მსჯელობა ძნელია. ამხანაგურ მატჩებში ზეწოლა არაა, „ტორპედოს“ კი ბევრი ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. თუმცა, ეს არაა თავის გასამართლებელი მიზეზი. უბრალოდ, ხვალ ფორმის პიკში არ ვიქნებით, მაგრამ ველით, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ნაბიჯს გადავდგამთ.
„ტორპედოზე“ ბევრი რამის თქმა შემიძლია, მათ კარგად ვიცნობ. ამ გუნდში სამი ფეხბურთელია, რომლებსაც წარსულში ვავარჯიშებდი. ვფიქრობ, მეტოქის უპირატესობა ის არის, რომ შემტევ ფეხბურთს თამაშობს. რა თქმა უნდა, ქართველებისთვის დიდი ძალა თავდამსხმელი იონსენია.
ფაქტი, რომ 18 თამაშია, არ წაუგიათ, მნიშვნელოვანია და მათ მენტალიტეტს აჩვენებს. როცა გამარჯვებების სერია გაქვს, მოედანზე გასვლა ბევრად უფრო ადვილია და ეს გამარჯვებულის მენტალიტეტს აყალიბებს. თუმცა, ჩვენც გვაქვს ძლიერი მხარეები. ამიტომ, უნდა დავასრულოთ მათი სერია და დავიწყოთ ჩვენი“.
ვაღიარებ თუ არა, რომ ფავორიტები ვართ? რა თქმა უნდა, „ომონია“ უფრო გამოცდილი გუნდია, მაგრამ ჩემს კარიერაში გავიგე, რომ ყველა თამაშს ნულიდან ვიწყებთ და მთავარია, მოედანზე რა განწყობით გახვალ. ვეცადოთ, ენერგიითა და ენთუზიაზმით ვითამაშოთ და მატჩი მოვიგოთ“, – განაცხადა დაბრაუსკასმა.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ომონიასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის 25 ივლისს, ნიქოზიის GSP-ის ტადიონზე, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.