„ომონიის“ მწვრთნელი - ქუთაისის „ტორპედოს" დასაკარგი არაფერი აქვს #1TVSPORT
„ომონიის“ მწვრთნელი - ქუთაისის „ტორპედოს" დასაკარგი არაფერი აქვს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოსთან“ უეფა-ს კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩის წინ კვიპროსის „ომონიის“ მწვრთნელმა, ვალდას დაბრაუსკასმა პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ კარგ და საფეხბურთო ტრადიციებით მდიდარ ქვეყანაში ვართ. ნიქოზიაში მცირე უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ ყველაფერი ხვალინდელ მატჩში გადაწყდება. გვინდა, ვიყოთ კონცენტრირებულები და თამაშს ისე მივუდგეთ, თითქოს ანგარიში 0:0-ია. ჩვენ ვთამაშობთ მეტოქის სტადიონზე, სადაც მათ გულშემატკივარი ელოდება.

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი იყო. ჩემთვის გასაკვირი არაა მათი ასეთი შედეგი. ჩემთვის დიდი პატივია ამ ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბთან, „ტორპედოსთან“ თამაში, რომელსაც ჩვენთან წინა მატჩამდე ზედიზედ 18 შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული.

ჩვენ შეგვიძლია, უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ეს სულ სხვა მატჩი იქნება. მთავარია, გამბედაობა და თავდაჯერებულობა გამოვავლინოთ.

„ტორპედოს“ მწვრთნელმა თქვა, რომ შეხვედრას ოპტიმისტურად უყურებს, თუმცა მთავარია, რას აკეთებ მოედანზე. მოუთმენლად ველით თამაშის დაწყებას. „ტორპედოს“ დასაკარგი არაფერი აქვს და სწორედ ამიტომაა საშიში. ის მაიმედებს, რომ ჩვენ მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს და ამ დაპირისპირებისთვის კარგად მოვემზადეთ“, – განაცხადა „ომონიის“ დამრიგებელმა.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „ტორპედოსა“ და „ომონიას“ შორის დღეს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პირველ შეხვედრაში ქართული გუნდი 1:3 დამარცხდა.