ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩი „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ომარ თეთრაძემ შეაფასა და განაცხადა, რომ ფრე ლოგიკური შედეგი იყო.
ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართული შეხვედრა 0:0 დასრულდა. 53 წლის სპეციალისტისთვის ეს საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო თამაში იყო.
„პირველ რიგში, ვულოცავ „საბურთალოსა“ და დანარჩენ გუნდებს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას. რაც შეეხება თამაშს – თავიდან ნორმალურად დავიწყეთ, თუმცა ოცი წუთის შემდეგ უპირატესობა დავთმეთ და უფრო მეტად ბურთს მეტოქე აკონტროლებდა. მეორე ნახევარში გამოვასწორეთ თამაში, თუმცა გოლის გატანა ვერ შევძელით. ვფიქრობ, შედეგი ლოგიკური იყო“, – აცხადებს თეთრაძე.
შეგახსენებთ, რომ „საბურთალო“ უძლიერესთა შორის 2015 წლიდან თამაშობდა და ჩემპიონატის სტარტზე ჩატარებული წინა რვა მატჩი მოიგო, ამჯერად კი ტრადიცია დაარღვია.