ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და ჩვენს ნაკრებს ოთხი მედალი მოუტანეს (ერთი ოქრო და სამი ვერცხლი). ეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, ძიუდოში საუკეთესო შედეგია. გადაცემაში „ოლიმპიურ ტაიმაუტი“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ტოკიოდან ჩაერთო და ჩვენი ეროვნული გუნდის გამოსვლა შეაჯამა.
ლაშა გუჯეჯიანი: „სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ ძალიან მნიშვნელოვან, ღირსეულ წარმატებას ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ნაკრების გამოსვლას და ამ შედეგს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს – ძალიან დასანანი ფინალი დავთმეთ. დაწინაურებულები ვიყავით, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა გურამი, მაგრამ გაუთვალისწინებელი ფაქტი მოხდა და დავთმეთ ეს შეხვედრა. მთლიანობაში კი, რა თქმა უნდა, ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი ძალიან დიდი წარმატებაა და მივულოცავ გურამს, მის ოჯახს, მის გულშემატკივრებს, ქართული ძიუდოს ოჯახს. თუმცა, მაინც გულდაწყვეტილები ვართ, რადგან გურამს მართლა შეეძლო ოლიმპიური ჩემპიონობა.
შედეგებიდან გამომდინარე ეს არის ყველაზე წარატებული ნაკრები. კონკრეტულად ყველა წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენები გამორჩეულები არიან. ასეთი სტაბილური და ასეთი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი ძიუდოს ისტორიაში არ გვყოლია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი წარსულის დამსახურებაა. წინა თაობებმა, წარმატებულმა ძიუდოისტებმა თავისი წვლილი შეიტანეს. დღეს ჩვენ საუკეთესო ნაკრებით ვიყავით წარმოდგენილები და ეს ცალსახაა და არის ფაქტი“.
„ოლიმპიური ტაიმაუტის“ წამყვანებმა აღნიშნეს ლაშა გუჯეჯიანის გამორჩეული პროფესიონალიზმი მწვრთნელისთვის ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად (36). ლაშამ, როგორც ძიუდოისტმა აქტიურ სპორტსცოტა ხნის წინ დაანება თავი. შეკითხვაზე, ადრეც ფიქრობდა თუ არა მწვრთნელობას, ჩვენი ნაკრების დიდი წარმატების ერთ-ერთმა უმთავრესმა შემოქმედმა უპასუხა:
„ასაკიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ, მაგრამ სამწვრთნელო პროცესში დიდი ხანია ჩართული ვარ, რადგან ადრეულ ასაკში მომიწია სპორტისთვის თავის დანებება. შეუძლებელია, ამ გუნდის იმედი არ მქონოდა. ეს მხოლოდ ოლიმპიადაზე არ დაუმტკიცებია ამ გუნდს – გრანდ სლემებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე, ევროპის ჩემპიონატებზე ამ ნაკრებს აქვს რეკორდული მაჩვენებლები. ეს საუკეთესო სტატისტიკა სწორედ ამ თაობას და ამ ბიჭებს ეკუთვნის“.
ვარლამ ლიპარტელიანთან დაკავშირებით, რომელმაც კარიერის დასრულება გადაწყვიტა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა და კარგი იქნება, თუ ამაზე ნაკლებს ისაუბრებენ.
„ჩემი თხოვნაა, ამ თემაზე არ ვილაპარაკოთ, რომ არ დავაკანონოთ ის, რაც ჩემი აზრით არის ნაჩქარევი. გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ძალიან გულდაწყვეტილია. ძალიან მოტივირებული იყო ვარლამი. მის ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ რაც შეეხება სპორტულ ნაწილს, ვფიქრობ, რომ ნაჩქარევია ეს განცხადება. მოდით, არ დავაკანონოთ ეს გადაწყვეტილება და ყველამ ერთად, როგორც მინიმუმ, ვარლამს ერთხელ მაინც ბოლო ბრძოლა შევთავაზოთ“.
ლაშა გუჯეჯიანმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისთა ნაკრები უკვე გუნდურ ასპარეზობაშიც ჩერთვება და წელს ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ერთი ლიცენზია დაგვაკლდა.
ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პროექტ „2020-ზე“ ისაუბრა, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა და ჩვენს ქვეყანას ოლმპიური ოქრო მოუტანა:
„ოლიმპიური მოძრაობა ჩვენ ოთხი წლის წინ დავიწყეთ, რასაც ლაშა ბექაურის ოქრო მოჰყვა. ის არის ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც მიზანდასახულად, კონკრეტული პროექტით, კონკრეტული მიდგომებით გახდა ჩემპიონი, რადგან ლაშა არის ყველა ეტაპის მონაწილე, რასაც „პროექტი 2020“ ჰქვია. მინდა, რომ ჩემი წილი წარმატება, რომელიც როგორც მწვრთნელს მერგო, პირადად მივუძღვნა ამ პროექტის იდეის ავტორს, დავით ქევხიშვილს, რადგან მან დიდი სამსახური გასწია იმისთვის, რომ ჩვენ დღეს ჩვენ ამ ყველაფრით გვეამაყა“.
ლაშა გუჯეჯიანი ამბობს, რომ ეს წარმატებული პროექტი გაგრძელდება – დაწყებულია მუშაობა არა მხოლოდ „2024-ზე“ და არამედ „2028-ზე“, რაც იმის საწინდარია, რომ ქართულ ძიუდოს კიდევ უფრო ნათელი მომავალი აქვს.