ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა საქველმოქმედო ფონდი და სპორტული კლუბი დააფუძნა
ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა საქველმოქმედო ფონდი და სპორტული კლუბი დააფუძნა

„მარტყოფის ველი“ – ასე ერქმევა საქველმოქმედო ფონდსა და მრავალპროფილურ სპორტულ კლუბს, რომელიც ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა, ზურა კახაბრიშვილმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილთან და ძიუდოისტ ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად დააფუძნა.

ფონდისა და სპორტული კლუბის პრეზენტაცია მარტყოფის მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც მისმა დაფუძნებლებმა დამსახურებულ პედაგოგებს, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს ფულადი და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. როგორც ოლიმპიური ნაკრების ექიმი ამბობს, ფონდის მიზანი გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა და მარტყოფისთვის ისტორიული, ტურისტული და სპორტული მნიშვნელობის შეძენაა.

„მარტყოფის ველი“ ჩვენ, რამდენიმე სპორტსმენმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და რობერტ კობლიაშვილმა დავაფუძნეთ. ეს არის საქველმოქმედო ფონდი და სპორტული კლუბი. წარმატებული სპორტსმენი ბევრი გვყავს, სოფელი ისტორიულია. გვინდა, ახალგაზრდებს წინსვლაში დავეხმაროთ, რომ მივცეთ სოფელს ტურისტული და სპორტული მნიშვნელობა, რომ მხარე წარმოჩინდეს. არა მხოლოდ მარტყოფი, არამედ მთელი რაიონი. წარმატებას ვუსურვებ ყველას და დავეხმარებით მათ, ვისაც ეს სჭირდება – გულშემატკივარსაც, სპორტსმენებსაც და იმ ახალგაზრდებს, ვისაც შეუძლია უფრო მეტი გააკეთოს ქვეყნისთვის“, – განაცხადა ზურა კახაბრიშვილმა. –

ევროპის ჩემპიონმა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, რობერტ კობლიაშვილმა, მარტყოფის მეორე საჯარო სკოლა დაამთავრა. მისი თქმით, მისთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ საქველმოქმედო ფონდისა და სპორტული კლუბის პრეზენტაცია სწორედ მის სკოლაში ჩატარდა. სპორტსმენი დარწმუნებულია, რომ ფონდი ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.

„ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც ბრუნდები შენს სკოლაში და ასეთ კარგ ღონისძიებაში იღებ მონაწილეობას. ძალიან კარგი იდეაა, რომლის ინიციატორიც ზურა კახაბრიშვილია. დავაჯილდოვეთ პედაგოგები, სპორტსმენები და ბევრი ადამიანი. ეს პირველად ტარდება და მჯერა, რომ ეს მუდმივი გახდება“, – განაცხადა რობერტ კობლიაშვილმა.