რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული წყვილებში, ესპანელი მარკ ლოპესი, ეჭვმიტანილია 2008 წელს წყვილთა თანრიგის ორი მატჩის ჩაწყობაში. ამის შესახებ გამოცემა კონფიდენსიალი (El Confidencial) წერს. ლაპარაკია ჩელენჯერის ტურნირებზე გამართულ მატჩებზე.
პოლიციამ ეს ინფორმაცია ლოპესის მაშინდელი პარტნიორისგან, მარკ ფორნელ-მესტრესისგან მიიღო, რომელიც შემოდგომაზე დააპატიმრეს.
თავად ფორნელ-მესტრესი ეჭვმიტანილია სომხურ მაფიასთან კავშირში, რომელმაც მოაწყო ეს გარიგებული მატჩები – ასე მიაჩნია გამოძიებას. დაკავებული ჩოგბურთელის თქმით, ლოპესთან წყვილში მან ზედიზედ წააგო ორი მატჩი იტალიასა და ესპანეთში გამართულ ტურნირებზე. ეს 2008 წელს მოხდა.
36 წლის ლოპესს ბევრი დიდი ტიტული აქვს მოგებული წყვილებში: 2012 წელს, მარსელ გრანოლერსთან ერთად, გაიმარჯვა ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე, 2016 წელს, ფელისიანო ლოპესთან დუეტში, მოიგო როლან გაროსი, იმავე წელს კი, რაფაელ ნადალთან ერთად, რიოს ოლიმპიადა.