ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთიდან იაპონიაში ჩაიტანეს და კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, მის სანახავად და სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად ათასობით ადამიანი მივიდა. ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა ფუკუსიმას პრეფექტურიდან მთელს ქვეყანაში 26 მარტიდან დაიწყება.
როგორც ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ წერს, 50 ათასი იაპონელი შეიკრიბა ცერემონიის „ცოცხლად“ სანახავად. ქალაქ სენდაის რკინგიზის სადგურზე ჩირაღდანთან ფოტოს გადაღების მსურველთა რიგი 500 მეტრზე გაიწელა.
ორგანიზატორები ცდილობდნენ, შეემცირებინათ მნახველთა რიცხვი, მაგრამ მსურველთა ნაკადი პანდემიის დროს სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულებამაც ვერ შეაჩერა.