„ოლიმპიაკოსი“ აზაროვის გარდა, კიდევ სამი მცველით დაინტერესდა #1TVSPORT
რამდენიმე დღეა პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ მარცხენა მცველის პრობლემას აგვარებს, ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი საქართველოს ჩემპიონის, ბათუმის „დინამოს“ 19 წლის მოთამაშე ირაკლი აზაროვია – ამის შესახებ sport-fm წერს.
„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საქართველოდან გამოჩნდა ახალი კანდიდატი პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ მარცხენა მცველის პოზიციაზე. ახალი სახელი საქართველოს ჩემპიონის, ბათუმის „დინამოს“ 19 წლის მოთამაშე ირაკლი აზაროვია. ქართველი მცველის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, „ოლიმპიაკოსი“ მის გამოყენებას ოლეგ რეაბჩუკის რეზერვისტად აპირებს. მას ისეთი მონაცემები აქვს, რომელიც ემთხვევა იმ ფეხბურთელის პროფილს, რომელსაც „ოლიმპიაკოსი“ ეძებს“, – წერს ბერძნული რადიოს ელექტრონული გამოცემა.
Sport-Fm ქართველ მცველს ახასიათებს: „აზაროვი კლასიკური მარცხენა მცველია, მას შეუძლია შეტევაშიც ითამაშოს. დასრულებულ სეზონში თავის ქვეყანაში ერთ-ერთი სიურპრიზი და ბათუმის „დინამოს“ დიდი წარმატების ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. ის გახდა ერთ-ერთი ქვაკუთხედი გუნდის, რომელმაც წლევანდელი ჩემპიონატში „დინამო თბილისს“ აჯობა“.
ირაკლი აზაროვის ანგარიშზე 42 მატჩი, 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. მან გასული წლის ივნისში საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. აზაროვს ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2022 წლის დეკემბერში ეწურება. ის „დინამოს თბილისის აკადემიის აღზრდილია, თუმცა გასული წლის იანვარში ბათუმის „დინამომ“ შეიძინა და რამდენიმე თვეში გუნდის საკვანძო მოთამაშედ გადაიქცა.
ამავე დროს, გამოცემა ამტკიცებს, რომ აზაროვი პოზიციაზე ერთადერთი კანდიდატი არ არის, კლუბი სხვა მოთამაშეებსაც აკვირდება – ვასილის ზაგარიტისს („პარმადან“), ნიდერლანდების მოქალაქეს, მაროკოელ იუსეფ ელ კარუანის („ნაიმეგენი“) და „ფლამენგოს“ 29 წლის მცველ რენეს.