ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ლატვიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ლატვიასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთო. ჩვემა გუნდმა პირველი მატჩი ლატვიასთან რიგაში გამართა და 55:83 დამარცხდა.

 

ფაქტები

  • საქართველოს ნაკრები ლატვიას ისტორიაში მეთერთმეტედ დაუპირისპირდა. უპირატესობა „ჯვაროსნების“ მხარესაა – 6 მოგება, 5 წაგება.
  • რიგაში გამართულ მატჩს გულშემატკივრის სტატუსით ოჯახთან ერთად ესწრებოდა ზაზა ფაჩულია. საქართველოს ნაკრების ქულათა რეკორდი ზაზამ სწორედ ლატვიასთან დაამყარა – 2011 წელს რიგაში, საკონტროლო მატჩში 42 ქულა ჩააგდო.
  • ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა კაპიტანი თორნიკე შენგელია არ ათამაშა, რადგან თოკომ მატჩის წინ მცირე დისკომფორტი იგრძნო.

I ტაიმი

მატჩის პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა გუნდების სათამაშო სტრატეგია. ქართველები ფარქვეშიდან ცდილობდნენ უპირატესობის მოპვებას, რაშიც დიდი როლი სანდრო მამუკელაშვილსა და გოგა ბითაძეს უნდა ეთამაშათ.

ლატვიის ნაკრების კალათბურთელები კი მწვრთნელის მითითებით შანსს არ უშვებდნენ, რომ სამქულიანი არ ესროლათ.

შედეგად პირველ ტაიმში მათ 19-დან 8 სამქულიანი ჩააგდეს, საქართველოს კი მხოლოდ ოთხი სამიანი ჰქონდა ნატყორცნი და ოთხივე უშედეგოდ.

პირველი ნახევარი ლატვიამ 45:24 მოიგო.

II ტაიმი

ქართველებმა პირველი სამქულანი მეორე ტაიმის მეოთხე წუთზე ჩააგდეს. ეს გოგა ბითაძემ გააკეთა. ლატვია კი არ ჩერდებოდა, მესამე პერიოდის ბოლო წამზე პერიმეტრიდან კიდევ ერთი სამიანი ჩააგდო და 58:41 დაწინაურდა.

თამაშის სურათიდან გამომდინარე ბოლო 10 წუთში 17-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა წარმოუდგენელი იყო. ლატვიამ ამ გამარჯვებით პლეი ოფში თამაში, პრაქტიკულად, გაინაღდა.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 14 ქულა სანდრო მამუკელაშვილმა ჩააგდო. ლატვიაში კი არტურს შტრაუტინსი გამოირჩა, რომელის მონაგარიც 18 ქულაა: 4/4 სამაულიანი, 4/4 საჯარიმო, 1/1 ორქულიანი.

შეგახსენებთ, რომ რიგაში ოლიმპიადის ერთი საგზურისთვის ექვსი ქვეყნის ნაკრები იბრძვის – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი). ლატვიის გარდა, ანალოგიური, 6-გუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ასევე ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.

შეჯიბრების ფორმატის თანახმად, თითოეულ ლოკაციაზე მოასპარეზე 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. პლეი ოფში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 4 ივლისს ფილიპინებთან გამართავს. 3 ივლისს კი ლატვია დაუპირისპირდება ფილიპინებს.

რაც შეეხება მეორე ჯგუფს, პირველ გახსნით შეხვედრაში ბრაზილიამ მონტენეგროს 81:72 სძლია.