ოლიმპიადის რუსული ალტერნატივა „მეგობრობის თამაშები“ გადაიდო და, დიდი ალბათობით, კვლავ გადაიდება #1TVSPORT
რუსეთის მიერ პარიზის ოლიმპიადისა და მსოფლიო სპორტის ალტერნატივად მოფიქრებული „მეგობრობის თამაშები“ 2025 წლისთვის გადაიდება.
როგორც რუსული პრესა წერს, ამგვარი ინიციატივა განიხილება რუსეთის მთავრობის მიერ და შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს დროში მიიღებენ. წყაროს ცნობით, შესაძლო გადადება არ უკავშირდება ზეწოლას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან ან ცალკეული ქვეყნებიდან, არამედ განპირობებულია სხვა მიზეზებით.
ოფიციალურად ეს მიზეზები არ გაცხადებულა, მაგრამ ერთ-ერთმა რუსმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: „„მეგობრობის თამაშებს“ აუქმებენ (და არა – გადატანას უპირებენ). ამის შესახებ ინფორმაცია ზაფხულის სახეობების სამწვრთნელო საბჭოებში დაახლოებით თვე-ნახევრის წინ გავრცელდა.
მიზეზები გახდა: 1) ქვეყნების მცირე რაოდენობა, რომლებმაც მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს; 2) სპორტსმენების დაბალი დონე, რომელთა გამოშვებასაც თამაშებზე ეს ქვეყნები აპირებენ; 2) ძველი მიზეზები დოპინგკონტროლთან დაკავშირებით.
შედეგად, ყველა მიხვდა, რომ სპორტსმენთა ამგვარი შემადგენლობით ეს არ იქნება მძლავრი პასუხი დასავლეთისთვის, უფრო პირიქით – ეს იქნება სატირისა და დაცინვის საბაბი. ამიტომაც, ხალხი რომ არ გააცინონ, ტურნირს გადადებენ“.
თავდაპირველად გამოცხადებული იყო, რომ „მეგობრობის თამაშები“ 15-29 სექტემბერს მოსკოვსა და ეკატერინბურგში გაიმართებოდა. პროგრამაში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სპორტის 30 სახეობა.
„მეგობრობის თამაშების“ გამო ბევრმა რუსმა სპორტსმენმა თქვა უარი ნეიტრალურ სტატუსზე და პარიზის თამაშებში გამოსვლაზე, ასე რომ, 2024 წელს ისინი საერთაშორისო ასპარეზის გარეშე დარჩნენ.