ოლიკო შერმადინი - ჩვენი შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიის პარლამენტში წარდგენას და ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას, აუცილებლად უნდა დატოვონ საბჭო,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” იურისტმა ოლიკო შერმადინმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ღირსეული კანდიდატების შერჩევა სწორედ საბჭოს სრული განახლების შემდეგ არის შესაძლებელი.
„საბჭოს ამ წევრებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი მოქმედებენ ვიწრო, პირადი ინტერესებით და არ ადარდებთ საჯარო ინტერესი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის თავისი არსით ისეთი ინსტიტუციაა, იმხელა უფლება-მოსილებები აქვს კონსტიტუციით მინიჭებული, რომ თუ ამ ორგანოში არ იქნებიან ღირსეული წევრები, შეუძლებელია რაიმე შედეგს მივაღწიოთ და ვისაუბროთ იმაზე, რომ შერჩევის პროცესს ექნება სანდოობა. ამის პარალელურად, ცხადია, პარლამენტზეა ყველაფერი დამოკიდებული, რადგან ამ კლანის სიძლიერე დგას მთლიანად მმართველი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერაზე”,-აცხადებს ოლიკო შერმადინი.