UEFA GROW-ს პროექტის ფარგლებში, თბილისში ორდღიანი სემინარი ტარდება. მხარდაჭერი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო (უეფა) არიან.
17-18 ივნისს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონალურ შეხვედრას სასტუმრო “რადისონი” მასპინძლობს. საუბრის მთავარი თემა მატჩებზე გუშემატკივართა მოზიდვა და მათი რაოდენობის გაზრდაა. მონაწილეები ქალთა ფეხბურთში მიმდინარე სიახლეებზეც მსჯელობენ. დიდი ბრიტანეთიდან სემინარს უეფას ქალთა ფეხბურთის ექსპერტი სისილ ჰარტლი და შვიდი ევროპული ქვეყნის (უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთის) ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ, ბოლოს კი ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.
თბილისში იმყოფება ცნობილი ფეხბურთელი, „დნეპრის“, კიევის „დინამოს“ და უკრაინული ფეხბურთის ვარსკვლავი ოლეგ პროტასოვი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. სემინარი დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გახსნა. შეგახსენებთ, რომ პირველი რეგიონალური UEFA GROW სამიტი საქართველოში 2017 წლის მარტში ჩატარდა და მასში 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
„ეს სემინარი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყნებს სტადიონზე მაყურებლის დასწრებასა და ფეხბურთის სხვა საკითხებთან დაკავშირებით მსგავსი პრობლემები გააჩნიათ. თუმცა, არის ბევრი დადებითი ასპექტიც, რომლის გაზიარებაც ამ ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ ქვეყანას შეუძლია. მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების დადებითი და უარყოფითი გამოცდილებების შესწავლა, რადგან მათ შეიძლება კონკრეტულ პრობლემებზე პასუხები უკვე გააჩნდეთ. GROW-ის სახით უეფა ახორციელებს სერიოზულ პროექტს, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. ფეხბურთს პატარა ასაკიდან უნდა დაეთმოს დიდი ყურადღება, რის შედეგადაც შემდეგ შესაძლებელი გახდება ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა მაყურებლის დასწრება და სხვა“,- ამბობს ოლეგ პროტასოვი.