ოლეგ ბლოხინი - ჯერ ისეთ დონეზე არ დავსულვარ, რომ ტაჯიკეთის ჩემპიონატს ვუყურო
უკრაინის ეროვნული ნაკრების და კიევის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი – ოლეგ ბლოხინი ამბობს, რომ ის ბელორუსის ჩემპიონატს არც უყურებს და არც აინტერესებს.
„რას უნდა ვუყურო?! ბელორუსები სერიოზულად ამბობენ, რომ მათ უკრაინაზე უფრო ძლიერი ჩემპიონატი აქვთ – ეს სასაცილოც არაა. ან ტაჯიკეთის ჩემპიონატში რა არის სანახავი, ჯერ ასეთ დონეზე არ დავსულვარ (იცინის). ჩვენს, უკრაინულ პრემიერლიგასაც ყოველთვის არ ვადევნებ თვალს, ესპანეთის, იტალიის ან ინგლისის ჩემპიონატებშიც არაა ყველა მატჩი საინტერესო. თქვენ კი ბელორუსზე და მით უფრო, ტაჯიკეთზე მეკითხებით?“ – განაცხადა ოლეგ ბლოხინმა რუსულ გამოცემა „ჩემპიონატთან“ ინტერვიუში.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მსოფლიოს თითქმის ყველა საფეხბურთო ტურნირი შეჩერებულია. მიუხედავად ამისა, ბელორუსის მთავარ ლიგაში ხუთი ტური უკვე ჩატარდა.