„ოლ სტარის“ უქმეებზე ტრადიციული კონკურსები გაიმართა [ვიდეო] #1TVSPORT
ინდიანაპოლისში გაიმართა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) „ყველა ვარსკვლავის უქმეები“, რომლის პირველი დღე ტრადიციულ კონკურსებს დაეთმო.
უნარების კონკურსი (Skill Challenge)
2022 წლიდან ამ კონკურსმა ფორმატი შეიცვალა. ტრადიციული ინდივიდუალური შეჯიბრი ჩაანაცვლა მინიტურნირმა სამ გუნდს შორის.
იმის გამო, რომ ვარსკვლავური უქმეები ინდიანაპოლისში ტარდებოდა, ერთ-ერთი გუნდი იყო „ინდიანა პეისერსი“ (ტაირიზ ჰალიბერტონი, ბენედიქტ მატურინი, მაილზ ტერნერი).
მეორე გუნდში შეიკრიბნენ კალათბურთელები, რომლებიც გასულ წლებში NBA-ის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს (ვიქტორ ვემბანიამა, პაოლო ბანკერო, ენტონი ედვარდსი).
მესამე გუნდი შედგებოდა კალათბურთელებისგან, რომლებიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ „ყველა ვარსკვლავის მატჩში (ტრეი იანგი, სკოტი ბარნსი, ტაირიზ მაქსი).
დრაფტის ლიდერების გუნდმა ჩააგდო კონკურსი, ფინალში კი „ინდიანას“ გუნდმა დაამარცხა „ოლ სტარის“ გუნდი.
სამქულიანების კონკურსი
სამქულიანების კონკურსში, ტრადიციულად, რვა მონაწილე იყო. სამი საუკეთესო ფინალში გადადიოდა.
„მილუოკის“ ვარსკვლავი დემიენ ლილარდი იცავდა შარშანდელ ტიტულს.
პირველი რაუნდის შედეგები
მალიკ ბიზლი (მილუოკი) – 20 ქულა
დონოვან მიტჩელი (კლივლენდი) – 21
ჯეილენ ბრანსონი (ნიუ იორკი) – 24
ლაური მარკანენი (იუტა) – 25
ტაირიზ ჰალიბერტონი (ინდიანა) – 26
ტრეი იანგი (ატლანტა) – 26
კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა) – 26
დემიან ლილარდი (მილუოკი) – 26
პირველ რაუნდში ოთხმა კალათბურთელმა დააგროვა 26 ქულა და სამი ფინალისტის გამოსავლენად საჭირო გახდა დამატებითი რაუნდის ჩატარება შემოკლებული დროით:
ტაირიზ ჰალიბერტონი (ინდიანა) – 12 ქულა
ტრეი იანგი (ატლანტა) – 17
კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა) – 16
დემიან ლილარდი (მილუოკი) – 16
ფინალში იანგმა და თაუნსმა მაღალ დონეზე ისროლეს, მაგრამ ლილარდმა მათ ორი ქულით მოუგო და ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა სამქულიანების კონკურსში.
ფინალის შედეგები
ტრეი იანგი (ატლანტა) – 24
კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა) – 24
დემიან ლილარდი (მილუოკი) – 26
Stephen vs Sabrina
პირველად ისტორიაში ვარსკვლავურ უქმეებზე გაიმართა სამქულიანების ცალკე დუელი მამაკაცსა და ქალს შორის.
NBA-მ გადაწყვიტა, მოეწყო დაპირისპირება ლიგის ყველა დროის საუკეთესო სნაიპერს, სტეფენ კარისა და საბრინა იონესკუს შორის, რომელმაც შარშან ქალთა NBA-ში რეკორდი დაამყარა, როცა სამქულიანების კონკურსში 40 შესაძლებლიდან 37 ქულა დააგროვა.
ამ კონკურსის ფორმატი იგივე იყო, რაც ჩვეულებრივი კონკურსის, ოღონდ კარი ისროდა NBA-ის ბურთებით, იონესკუ WNBA-ის, რომელიც უფრო მცირე ზომისაა. გარდა ამისა, იონესკუ უფრო ახლოდან ასრულებდა ტყორცნებს.
პირველი იონესკუ ისროდა და ეს შესანიშნავად გააკეთა – 26 ქულა აიღო, რომლითაც ლილარდმა ჩვეულებრივი კონკურსი მოიგო. მაგრამ კარი კიდევ უფრო უკეთესად გამოვიდა და 29 ქულით დღის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ჩატენვების კონკურსი
NBA-ის ყველა ვარსკვლავის უქმეებზე ჩატენვების კონკურსს ყველაზე მეტად ელოდნენ, მაგრამ 2016 წელს აარონ გორდონისა და ზაკ ლავინის ლეგენდარული დაპირისპირების შემდეგ აქ კრიზისი შეიმჩნეოდა, საიდანაც გამოსვლა 2023 წელს მოხერხდა, როცა პრიზისთვის პირველად იბრძოლა G-ლიგის წარმომადგენელმა მაკ მაკლანგმა და გამარჯვებული გახდა.
2024 წელს ჩატენვების კონკურსის მონაწილეები იყვნენ:
მაკ მაკლანგი (ოსეოლა მეჯიქი)
ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი)
ხაიმე ხაკესი (მაიამი)
ჯეიკობ ტოპინი (ნიუ იორკი)
ისევე, როგორც სამქულიანების კონკურსში, შარშანდელმა გამარჯვებულმა შეძლო ტიტულის დაცვა.
პირველი რაუნდის შემდეგ ბრძოლას გამოეთიშნენ ხაკესი და ტოპინი, მაკლანგი და ბრაუნი ფინალში გავიდნენ.
პირველი ფინალური ჩატენვისას ბრაუნმა ტერენს კლარკის მაისური ჩაიცვა. ეს 19 წლის ბოსტონელი 2021 წლის დრაფტამდე სამი თვით ადრე ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
შემდეგ მან გადაწყვიტა პატივი მიეგო მაიკლ ჯექსონისთვის და მარცხენა ხელზე თეთრი ხელთათმანი ჩაიცვა. ამ დანქისას მან წინ დონოვან მიტჩელი დაიყენა და მას თავზე გადაახტა.
მაგრამ მსაჯებმა გამარჯვება მაკლანგს მისცეს, რომელმაც ბოლო ჩატენვისთვის ქულების მაქსიმუმი მიიღო – ის თვით შაკილ ო’ნილს გადაევლო თავზე და ისე ჩატენა ბურთი.