"ოკლაჰომას" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება. ვესტბრუკი კვლავ საუკეთესოა
“ოკლაჰომა სიტი სანდერმა” საკუთარ არენაზე დასავლეთ კონფერენციის ერთერთ ლიდერ “ჰიუსტონ როკეთსს” უმასპინძლა და მეტოქეს 5 ქულის სხვაობით 112-107 მოუგო. შეხვედრაში გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი გამოდგა, რომელიც ოკლაჰომელთა გამარჯვებით 24-19 დასრულდა. ბილი დონოვანის გუნდში კვლავ რასელ ვესტბრუკი გამოირჩა, რომელმაც 31 ქულითა და 11 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. პოლ ჯორჯმა 24, კარმელო ენტონიმ კი 20 ქულა დააგროვა. ტეხასელთა შორის საუკეთესო კვლავ ჯეიმს ჰარდენი იყო. “ჰიუსტონის” ლიდერის ანგარიშზე 29 ქულა, 8 მოხსნა და 14 პასი იყო. ორმაგი დუბლით დაასრულა მატჩი კლინტ კაპელამ. შვეიცარელმა ცენტრმა 19 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა პირად აქტივში. ერიკ გორდონმა კი 20 ქულის დაგროვება შეძლო. “მინესოტა ტიმბერვულვსი” ლოს ანჯელესის “სტეიპლს ცენტრში” ლეიკერსს დაუპირისპირდა და მეტოქეს იოლად 121-104 მოუგო. სტუმართა შორის საუკეთესოები 23-23 ქულით ჯიმი ბატლერი და ტაჯ გიბსონი იყვნენ. კარლ ენტონი ტაუნსის ანგარიშზე 21 ქულა და 10 მოხსნაა. “ლეიკერსის” რიგებში კი 31 ქულა დააგროვა კაელ კუზმამ.