„ოკლაჰომამ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, ვესტბრუკი ტრავმირებულია
10:49, 06.11.2018
მძიმე სტარტის შემდეგ, NBA-ს რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრებში, წარმატებულად თამაშობს „ოკლაჰომა სითი თანდერი“. ბილი დონოვანის გუნდმა დღეს დილით საკუთარ მოედანზე ახალი ორლეანის „პელიკანები“ მიიღო და ანგარიშით 122-116 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მასპინძლებისთვის საკმაოდ ცუდი ფაქტი დაფიქსირდა: მესამე მეოთხედში გუნდის უდავო ლიდერმა, რასელ ვესტრბუკმა, ერთერთ სათამაშო ეპიზოდში კოჭი გადაიტრიალა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შესძლო. იმ დროისთვის მისი მონაგარი 17 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა იყო. რა სიმძიმის არის „რასის“ დაზიანება, ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულ მატჩში საუკეთესო სტატისტიკა „სითი თანდერსში“ პოლ ჯორჯს ჰქონდა. მსუბუქმა ფორვარდმა 23 ქულა გააკეთა. ამ გამარჯვების შემდეგ, „ოკლაჰომა“ დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ზონაში შევიდა და 7-ე ადგილზე იმყოფება.
ზედიზედ მეორე თამაში წააგო „ბოსტონმა“. აღმოსავლეთ კონფერენციის ერთერთმა მთავარმა ფავორიტმა სტუმრად „დენვერთან“ განიცადა მარცხი. პირველი მეოთხედი ბოსტონელებმა სოლიდური სხვაობით, 34-19 მოიგეს. ამის შემდეგ, „ნაგეტსმა“ მეთოდურად დაიწყო სხვაობის შემცირება და გადამწყვეტი მეოთხედის წინ შვიდ ქულას აქეთ იგებდა. საბოლოოდ მასპინძლებმა 115-107 გაიმარჯვეს და დასავლეთ კონფერნციაში მხოლოდ „გოლდენ სტეიტს“ ჩამორჩებიან. შეხვედრის გმირი ჯამალ მიურეი გახდა. კანადელმა კალათბურთელმა 48 ქულა მოიპოვა, რაც მისი პირადი სარეკორდო მაჩვენებელია.